გაგრძელება _ფანჯარა მეხუთე
სარეკლამო უსტარის
ოინები
”სარეკლამო უსტარს” ჰიპერბოლების, გროტესკებისა და მეტაფორების გააზრების დიდი ნიჭი დაენათლა. მაგრამ შიგადაშიგ ადამიანისეული ვნებები ისე გაიტაცებდა, რომ არ იცოდა, როგორ გაერთვა მოზღვავებული გრძნობებისთვის თავი. თუმც, იმავე ნიჭის წყალობით ალალად ვნებააღკვეცილი ღვთის მსახურის ლოცვებს გაიხსენებდა და იწყებდა ”განწმენდას”, რადგან იმის შიშიც ჰქონდა, რომ თავის ხუშტურებს თუ აყვებოდა, საკუთარ არსს იმ გრძნეულ ძალას გამოაცლიდა, ერთი უბრალო, ძველ, სარეკლამო გაზეთის ფურცლებად იქცეოდა და ვერც ქარბორბალას თავის ჭკუაზე ტარებას შეძლებდა…
ზუსტად ადამიანთაგან ვერვინ იტყოდა, წლების წინათ კუდბაწარას მიერ ულუმბოს ხელიდან გატაცებული ”სარეკლამო უსტარის” ჩვეულებრივმა ეგზემპლიარმა რა ჯადოსნური ძალა შეიძინა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ იგი ჩვეულებრივი გაზეთის ფურცლები უკვე სრულებით არ იყო… თავად გაზეთს ზოგჯერ მოევლინებოდა რიგი ჩვენებანი მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ; წამით, რომელიღაც გონიერი არსების უკუგანვითარების მაგვარ პროცესსაც შეიგრძნობდა… იმ ნეკერჩხლისმაგვარ ხესაც შეავლებდა თვალს, რომელიც თითქოს იმ უცნაური ხისგან იყო ამოსული…იმასაც თუ მისი მერქნისგან დამზადებული ქაღალდის ნაწილმა, როდის შეიგრძნო, რომ იგი მთლად ქაღალდი არ იყო, რომ უჩუმრად თავისებურად სუნთქვდა, რომ ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ, როგორც კი მასზე ”სარეკლამო უსტარი” ჩამობეჭდეს, თავისებური ფიქრის საშუალება მიეცა, კუდბაწარას უხმო და… მისთვის გასაკვირად უამრავი უცნაური საქციელი ჩაიდინა, მსოფლიო მოიარა და ახლა უკვე იმდენი ინფორმაცია ჰქონდა აკრეფილი, რომ მათი შემეცნებაც კი ეზარებოდა… უპირველესად თავის პირვანდელ ”სარეკლამო უსტარის” ენაზე ფიქრი იზიდავდა… თავდაპირველად იგი კეკლუც, ქარაფშუტა ქალს ჰგავდა, სარეკლამო ფრაზებით ერთობოდა, მაგრამ შემდგომ ნიავად გადაქცეულ კუდბაწარასა თუ ქარბორბალას ღრმულში მიმალულმა, სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო მსვლელობებს, მიტინგებს, ქადაგებებისა და მისთანების შემსწრემ, სააზროვნო სივრცე ისე გაიფართოვა, რომ გვარიანად შეშინდა, ამდენი ინფორმაციით შუაზე არ გავიფხრიწოო. ცდილობდა ჩვეულ სარეკლამო ფრაზებით შემოსაზღვრულიყო, საფიქრალი გაემარტივებინა… მაშინ ულუმბოსთან სიახლოეს განიცდიდა, თავისეურად ეთამაშებოდა. მაგრამ უცაბედად, სხვა ინფორმაციული ველიდან აკრეფილი ინფორმაციის კვალობაზეც წამოუვლიდა ხუშტური და…
საგაზეთო ქაღალდი, რომელზეც ის იყო დაბეჭდილი, მცენარეთა მერქნის დამუშავებით მიღებულ ცელულოზის იმ ნაწილისგან იყო დამზადებული, რომელშიც ერთი უცნაური ნეეკერჩხლის ბოჭკოები ჭარბობდა… უხსოვარ დროში ნეკერჩხლის ამ ჯიშს ელექტრომაგნიტური ტალღების წარმოქმნის უნარი გააჩნდა, რომელიც პაწაწინა მაგნიტური კრისტალებით დამუხტული ბოჭკოების იდუმალი რხევით წარმოიქმნებოდა. მისთვის ჩვეული იყო გარდატეხა, არეკვლა, ინტერფერენცია, დიფრაქცია და პოლარიზაცია… წითლად აღუებული ნეკერჩხლებს სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან შეეძლოთ ინფორმაციის მიღება და გადაცემა. მიღების არეალი და მრავალფეროვნება მასზე ორიეტირებული რადიოსა თუ ტელეაპარატურის მსგავსი მოწყობილებების სრულფასოვნებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული…
მაგრამ ნეკერჩხლის მაგიური თვისებები შესაბამისი შემეცნების გარეშე დროულად ვერ იქნა აღმოჩენილი… რა თქმა უნდა, ლატექსიანი ხეებიდან გამოყოფილი რძეწვენის თვისებების შემჩნევა უბრალო თვალისთვის ადვილი იყო და ”ხის ცრემლებმაც” მალე ჰპოვეს პრაქტიკული გამოყენება… და თუმც, ადამიანებმა მცენაარებისგან სხვა, მრავალი სიკეთის მიღებაც შესძლეს, განგებისგან ნაბოძარი ნეკერჩხლის მაგიური თვისებები ადამიანს შეუმჩნეველი დარჩა…
მტრობისა და შურის მორევში ჩათრეული კაცობრიობა თავის გადარჩენის კარნახით ალალბედზე, (ხშირად მექანიკური დაკვირვებების მეშვეობით) მიჰყვა განგებისგან ნაბოძები ”დიადი მოვლენების” აღმოჩენას და თავისი გონებრივი და სულიერი მოწყობილობის მეტნაკლებად სრულყოფას… ერთხელაც, თალეს მილეთელმაც შეამჩნია, რომ ქარვა (ბერძნულად ელექტრონი) ხახუნის შედეგად მსუბუქ სხეულებს იზიდავდა… ჰოდა, წავიდა… მზა, ბუნებრივი აპარატურის მომცველი მცენარეები ადამიანის მოკვლევის არეალს მიღმა დარჩა… გრძნეული მცენარების უჩვეულო მაღალტექნოლოგიურმა თვისებებმა გამოყენება ვერ ჰპოვეს და თავისებური უკუგანვითარება იწყეს…
ქარბობოლასთან შეწყვილებულმა ”სარეკლამო უსტარს” შიგადაშიგ სხვადასხვაგვარი შინაგანი ლტოლვა მიერეკებოდა; ხან მონათესავე, მაგიური ბოჭკოების მატარებელი ნეკერჩხლის ადგილსამყოფელის მოძიება აიტაცებდა, ხან ულუმბოს სარეკლამო ფრაზებში შემალული ავანტიურით ირთობდა თავს, ხან ნეკერჩხლის მერქნისგან დამზადებული საკრავ ინსტრუმენტებზე დასაკვრელად აქეზებდა ქარბობოლას იდუმალ ხორთუმს, ხანაც სასაუზმესა თუ რესტორანში შესრიალდებოდა, ხანაც ნიჩბების მოსმით ირთობდა თავს… უყვარდა კეგლითა და ბეისბოლის კეტით თამაში… ზოგჯერ ჯგუფად მდგარი ნეკერჩხლის ხეებს შორის დასეირნობდა ნიავქარად გარდასახული ქარბორბოლას ფრთებზე მოფარფარტე…რომელიმე მათგანს ძალუმად შეარხევდა და ტკბებოდა ნეკერჩხლის ხეთა ფოთოლცვენის მომხიბვლელი იმიტაციით… იქვე ნექტარის შესაგროვებლად მოზუზუნე ფუტკრებთან თამაშით ერთობოდა… სხვადასხვაგვარად გარდასახულ კუდბაწარას მეშვეობით იტაცებდა კანადისა და სხვა ნეკერჩხლის ფოთლით მორთული დროშებსა თუ ემბლემებს… ხანაც მიტინგებისა და დემონსტრაციებს მონაწილეებს ჩამოურიგებდა სარეკლამო ფრაზებს, თან სამოსზე ნეკერჩხლის ფოთლებს მიაბნევდა; ვის სამწვერიანს, ვის ხუთ თუ შვიდ წვერიანს, მაგრამ ვისაც ცხრაწვერიანს უსახსოვრებდა, იმას, უთუოდ რაღაც განსაკუთრებული შეემთხვეოდა. ბევრჯერ ღია ფანჯრებში შეფართხალებულმა სახლებიდან პაწია დეკორატიული ნეკერჩხელბიც გაიტაცა და სულ სხვა მხარეს, სხვა შენობის ღია ფანჯრის რაფაზე დაალაგა… განსაკუთრებით იაპონელებს არ სწყალობდათ ბედი და ამის გამო რამდენიმე სასამართლო პროცესიც კი გაიმართა…
ძალზე უყვარდა პლუხერიას საფლავზე წითლად აღუებულ ნეკერჩხალთან ალერსი, ნიავად გარდასახულ კუდბაწარას მეშვეობით ჩუმრად დაეშვებოდა მასთან, მარჯვედ ჩაუსერავდა კანს და მერქნისგან წამოსულ ტკბილ წვენს ისრუტავდა… მერე, რომელიმე მომხიბვლელ ქალსა თუ კაცს სამოო ნიავად განსხეულებული უწყებდა არამიწიერ ალერსს… ახლა ბუმბულის სახლში მძინარე რატის მიუალერსა, მერე საბედასკენ გაუწია გულმა, მაგრამ გზად უცებ ძველისძველმა სარეკლამო ფრაზამ მოაგონა თავი და გადაწყვიტა თავისებურად ეცელქა.
”ეგზოტიკა, ეგზოტიკა, გხიბლავთ, გაწვალებთ ეროტიკა, თვალი მოუხუჭეთ აბეზარ ეთიკას, ჩასწვდით საფლავები იდუმალ ესთეტიკას…”, ჩაიღიღინა გზად.
დასტვენილი ეპოქა
ტექნიკური ინსტიტუტის ყოფილი დოცენტი ღუტუტი, ვინაც იმ დღეს თავის ნასტუდენტალის გუა გროტელის დახმარებით ძლივსძლივობით მოპოვებული სამუშაოს წყალობით თავის მეწყვილესთან იაშასთან ერთად პირველი სამარე გათხარა და უკვე ჭირისუფლის გამოგზავნილ პურ-მარილზე მოილხინა კიდეც, გულაჩუყებული დადიოდა საფლავებს შორის, შიგადაშიგ შედგებოდა, რომელიმე გარდაცვლილის სურათს თანაგრძნობით მიაჩერდებოდა, სიჭაბუკეში დაზეპირებულ ლექსებიდან, რომელიმე სტროფს გაიხსენებდა, თვალები აეცრემლებოდა.
-მე კი ასე უშვილძიროდ გადავშენდები…-დაურთავდა შიგადაშიგ.
და ნანობდა იმ სტუდენტ გოგოს სიყვარულზე უარი რომ უთხრა.
”ცოდვიანი ვარ, ცოდვიანი, რომ შემერთო ცოცხალი იქნებოდა, შვილები, შვილიშვილები…”.
უეცრად, შორიახლო საფლავებს შორის ხოხვით მომავალი ადეალამოსხმული კაცი გამოჩნდა; რაღაცით ძველი საბჭოურ ფილმის კადრსა ჰგავდა… როცა წამოდგა გუა გროტელი აღმოჩნდა. სპორტული პიჟამო ეცვა და საავადმყოფოდან მოპარული ადეალა ჰქონდა მოხვეული… ჩუმად მიეპარა ღუღუტის, ფეხის წვერებზე აიწია ეშმაკუნასავით შესჩურჩულა:
-ვინ ვარ?
ყოფილმა პროფესორმა თითქმის ჩაისვარა. გულაჩუყება, პოეზია და მისთანანი უცებ მიავიწყდა.
-მე ვარ, მე შენი საუკეთერსო სტუდენტი…-შესჩურჩულა გუამ,-შენ დამრჩი ერთგული… როგორც კი, მილიონებს მოვხვეტ, სასაფლაოს დირექტორად გადაგიყვან… ილიჩა მათხოვარს, იმწამსვე გავაგდებ, ახლა კი, უნდა დავიმალო, გადავწყვიტე ბუნკერიდან ვუხემძღვანელო ოპერაციებს… ხომ ჩემი ხარ, ჩემი ხომ ხარ?
ღუღუტიმ ძლივს შეძლო ნასტუდენტარის შეთვალიერება.
-შეეენ გუკო?! როგორ შემაშინე…-ამოღერღა ბოლოს.
-ხომ ხარ ჩემი, ჩემი ერთგული ხომ ხარ?-ჩააჟინდა იგი.
-აბა ვისი უნდა ვიყო, შენ რომ არა…
-ჰოდა იარე, სწრაფად იარე, ძველი სასაფლაოსკენ წადი, კონკურენტები მიტევენ, ჩემი ქონების ხელში ჩაგდება უნდათ… ამ პარკის დირექტორი, ილიჩაზე გეუბნები გაყიდულია, მაგრამ, სანამ ცოცხალი ვეგულები, შიში აქვს და იფსამს, ვერხი რომ აიღოს, გადამივლისო…
ღუღუტი უცებ მანიად მოდებულმა ვნებამ შეიპყრო, თავადც გასულიყო, რამე ბნელ საქმეში, მთელი ცხოვრება დისერტაციების წერას, რომ გადაყვა ახლა ემარჯვა და შვილებისა და შვილიშვილებისთვის თავისი ზედმეტი ინტელიგენტურობის გამო, რომ დასცინოდნენ თვალი დაეყენებინა…
-შენთან ვარ, შენთან, რაც გინდა დამავალე…-ეფიცებოდა შეზარხოშებული და უკვე თავისი მომავალი განგსტერული ცხოვრების ეპიზოდების ბინდბუნდში მარჯვედ მიაბიჯებდა.
წესიერად ვერც აღიქვა, თუ როგორ მიაყენა გროტელმა ძველისძველ საფლავებში დადგმულ შავად შეღებილ ქვის მცირე შენობასთან. კუპრივით შავ კარზე წითელი ასოებით ეწერა, სიცოცხლისთვის საშიშია! ქიმიკატები… ღუღუტის, რატომღაც ყაჩაღებისგან გაგუდული მეზობლის ლუქდადებული კარი მოაგონა, შეცბა…
-ნუ შეგეშინდება… ეს ჩემი დაწერილია, ვინმეს ცნობისმოყვარეობამ, რომ არ წასძლიოს, რაღაც წამლებს, მართლაც ვინახავ აქ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია…-გუამ იქაურობა ფრთხილად მიმოათვალიერა და როცა ახლომახლო ვერვინ შეამჩნია ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოიღო და გასაიდუმლოებული კარის გაღებას შეუდგა,-ეს ადგილი შედარებით უსაფრთხოა, ვიმარჯვე და აქაურობა შევისყიდე, ასე ვთქვათ სასაფლაოს საწესჩვეულებო მომსახურების მიზნით მაქვს გაფორმებული…-ერთხელ კიდევ მიმოიხედა, კარი შეაღო და უშნოდ აღელვებული თანმხლებიც შეიყოლია… მერე კარი სწრაფად ჩაკეტა…-აი, აქედან ივლი, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გაცნობებ, კარს მე თავად გაგიღებ…-სინათლე აანთო. საფლავების მასიურ ქვებზე დალაგებული თეთრი ტომრები, მართლაც, რომ იდუმალ შეფერილობას აძლევდა იქაურობას…-ეს საფლავებიც გამოსყიდული მაქვს, მაგრამ არ ამიღია, ჩასასვლელი გვირაბის ღერძები ამათ ძირებზეა მიმაგრებული შვედნოვიჩმა მირჩია, ხომ გახსოვს?..
-როგორ არა…-ჩაიჩურჩულა ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა, რომელმაც უკვე შეამჩნია, რომ შენობაში, რომელსაც ფანჯრები არ ქონდა, ჰაერი მიწისქვევიდან შემომავალი სავენტილიაციო მილიდან შემოდიოდა,-მთელი ჩვენი კათედრა მაგისი გაზრდილი იყო… ჩვენგან, რომ წავიდა ყოჩაღად იყო და მერე უცებ გარდაიცვალა.
-ჰო, ჰო, ვერ გაუძლო ემოციების… ამ საიდუმლო გვირაბს შამპო-ბარს, რომ ვაპროექტებდით მაგან მიაკვლია, საიდუმლოდ გამიმხილა, მგონი გვერდით რაღაც საცავი უნდა იყოსო… მერე მთელი თვე, მხოლოდ ჩვენ ორნი ვმუშაობდით, ერთი თვით ყველა შვებულებაში გავუშვი… იმ საიდუმლო ლაბორატორიასაც მაშინ მივაკვლიეთ, სადაც ჩვენი აზრით დამარხული გვამების შერჩევა, დამუშავება და აღდგენა ხდებოდა…ასე ფიქრობდა შვედნოვიჩი, მაგრამ მე მგონი აქ პარფიუმერიის ფაბრიკა ჰქონდათ, რომლის აღდგენასაც მე ვფიქრობ…-ღუღუტი სანახევროდ უსმენდა, ის უფრო მის მოქმედებას ადევნებდა თავლს…
გროტელმა ტომრები გადაადგილა, გამოჩნდა საფლავის ქვის ზედა ნაწილი, სადაც ადამიანის ხელისგული იყო ამოკვეთილი.
მერე საფლავის ქვას, ფრთხილად გააყოლა თითები… რაღაცას გულმოდგინედ ეძებდა თან სამომავლო პერსპექტივებზე აღტყინებული საუბრობდა,-მსოფლიო და საბითუმო ბანკიდან დიდ ინვესტიციებს ველოდები, სასაფლაოს მთლიანად გადაიარაღებას ვაპირებ, ამ სასაფლაოს ქვემოთ პარფიუმერიის ფაბრიკა უნდა გავხსნა; საფლავებიდან ჩამოდენილ ცხედართა წვენი ნანოტექნოლოგიურად დამუშავების შემდეგ საუკეთესო დანამატი იქნება გენეტიკური ჰარმონიის დასამშვენებლად. რაც უფრო დიდი ხნისაა გვამი მით უფრო კეთილ ნაჟურს გამოყოფს… სულხან საბა განმარტავს ნიჟი ანუ ცვარის უმცირესი ნაწილი, ჩუბინიშვილი ცრემლის ნიჟსაც მოიხსენიებს, მე კი საფლავებიდან ჩამოდენილ ცხედართა ნაჟურს სულის ცრემლი შევარქვი, ხომ მაგარია! ემოციურობა და სიღრმისეული სიმების თავისთავადობა ჩვენს სხეულებს, ანუ ჩვენი სულების საბუდარს სხვაგვარად ასურნელებს და ამის დაკარგვა დაუშვებელია!..-გროტელმა, თითებით როგორც იქნა მოიძია ამოკვეთილ ხელისგულზე საიდუმლო მონაკვეთი და საფლავის ქვა ჭრიალით გაიხსნა.
შეშინებული ღუღუტიმ უკან დაიწია…
-ეს მგონი უსტვენს…-მექანიკურად გაიფიქრა შეფხიზლებულმა. მაგრამ ისიც იფიქრა, რა იცი, ეს ტექნოლოგიები ისე გიჟურად ვითარდება, იქნებ მართლაც სარფიანი საქმე აქვს ჩაფიქრებული ამ შეჩვენებულსო. შეეცადა გული გაემაგრებინა, ბოლოს და ბოლოს ალღო აეღო ამ ცხოვრებისათვის.
გახსნილი საფლავის ქვეს ჩამავალ ქვის საფეხურებზე ფეხჩადგმულ ნასტუდენტარს კვალში მიჰყვა.
-დასტვენილი ეპოქა…-ჩაილაპარაკა უნებლიეთ ღუღუტიმ და მოეჩვენა, რომ სახეზე რაღაც უცნაური ფრინველი შემოაფრინდა.
დამფრთხალმა სახესთან ხელი მიმოაფათურა. ”მომელანდა…”, ამის გაფიქრება მოასწრო და იგრძნო, ვიღაც თუ რაღაც მისგან სულის გამოწოვას ცდილობდა. ”შინ წავიდეთ, იარეთა, თორე მოვა კუდბაწარი, ისევ დაიგრიალებსა…”, გაახსენდა ღუღუტის ხალხური გამონათქვამი. ”კი, კუდბაწარაა და სადღაც მიმექაჩება…”
-ღუღუტი!-მიუალერსა კუდბაწარამ.
და ღუღუტიმ იგრძნო, ქარბობალა რაღაც მადლიანი საქმის გასაკეთებლად აქეზებდა.
”იქნებ, ახლა მაინც წავადგე ვინმეს…”, გაიფიქრა გულაჩვილებულმა და იმ სამადლო მისიის შესასრულებლად განეწყო. თავისებურად ამსუბუქდა და ქარბობოლას ხორთუმში შესრიალდა.
იმავე დროს ქარბობოლას მეორე ბოლო უცხო ქვეყნის ოკეანის სანაპიროზე დაეშვა. ცხელოდა, სანაპიროზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების კალეიდოსკოპი მიმოფენილიყო.
უხილავამა ქარბობოლამ ოდნავ შეარხია ქვიშა და ოკეანის სანაპიროსთან საბედა და რატი დასვა. რატის ხელში ათი მილიონი დოლარით გატენილი ”დიპლომატი” ეჭირა. საბედას კი ჩვილი. ბიჭუნა იყო. ბავშვი უფრო რატის ჰგავდა, მაგრამ თავლები საბედასი ჰქონდა. ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
-ვიცოდი ასე იქნებოდა…-მშვიდად თქვა რატიმ და ცას მადლიერებით ახედა.
-ზღაპარია…-მიუგო საბედამ.
-ყველა ზღაპარი მივიწყებული რეალობიდან იღებს სათავეს…
ორივემ ერთდროულად მოინდომა ჩვილის ჩაკოცნა.
შუბლებით ერთმანეთს შეეხნენ და უცებ იგრძნეს ვიღაც მიუახლოვდათ. ნეტარი იყო.
-გამარჯობათ!-მიესალმა იგი წყვილს,-გილოცავთ მშვენიერი ბიჭი გყავთ!
რატიმ ”დიპლომატს” ხელი შეუშვა და წამოდგა.
-ბიძია ნეტარ!-გაიხარა,-აქ საიდან?!
ნეტარს გაეცინა.
-ამას, მე უნდა გეკითხებოდეთ? კარგი იყო ულუმბოც თქვენთან იყოს,-მაგრამ არა უშავს რა, ჩვეული ტრანსპორტით ჩამოვა…
-მართლა?!-გაეხარდა საბედას,-ბავშვი მკერდზე ძალუმად მიიკრა, ფრთხილად წამოიმართა.
რატიმ ხელი შეაშველა.
-აბა, ბანდოს იმედად ხომ არ დავტოვებ…-თავისთვის გაიხუმრა ნეტარმა, რატის ქვიშაზე დადებულ ”დიპლომატზე” მიანიშნა და ღიმილით ჩაილაპარაკა,-მე, მხოლოდ ათ პროცენტს ავიღებ, შენ ეს დაიმსახურე!
-ჰო, დაგვჭირდება, ჯერ აქ გავშინაურდებით და მერე იქ, ჩვენთან…
-ვიცი, ვიცი…-თანაგრძნობით გაუღიმა გიზიმ, ჩვილი ინტერესით შეათვალიერა,-ამ ყმაწვილს მსოფლიო ამბები ელოდება...
უცაბედად, რატიმ უჩინარი ქარბობოლას სიახლოვე შეიგრძნო.
”არ იცელქოს…”, გაუკრთა გონებაში და ქვიშაზე დადებულ ”დიპოლომატს” ფეხი დააჭრა.
ჯანრი გოგეშვილი
...
***
***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
***
0 коммент.:
Отправить комментарий