გაგრძელება _ფანჯარა მეოთხე
შამპო-ბარის კლიენტურა
ულუმბომ პამპულას თავის ბუნაგში მიაგნო, სისტინაც იქვე იყო ღამენათევი და ნამთვრალევი… პამპულა ჩვეულებისამებრ ”სკაიპში” ერთობოდა. ულუმბოს დანახვაზე გვარიანად დაფრთხა, მისულმაც გონზე მოსვლა არ დააცალა და დაჰყვირა:
-იმ ბიჭს რა უყვეს?..
-ვინ ბიჭს?!..-ნანატრი “GREEN CARD”-ის მაძიებელს მაზუთისფრად შეფერილ სახე წამით გაუშეშდა.
-გეცოდინება, შენ ხომ სისტინას სუტენიორი ხარ…-იქვე, დივანზე მიგდებულ ქალზე მიანიშნა.
-მე თამო მქვია…-ძილ-ღვიძილში გააპროტესტა ქალმა.
-პაროდიაა, სისტინა თამო გახდა, პამპულა სუტენიორი, ჯანდაბას თქვენი თავი, ამას რა უნდა ველაპარაკო… შენ, შენ გაფრთხილებ! ის ბიჭი გიზის ძმისშვილია, თანაც გვარის ერთადერთი გამგრძელებელი, ჯერ გიზიმ არ იცის ”შამპო-ბარში” რომ აპირებდა შემოვლას, ჰოდა, წადი და იმ შოუს მენეჯერს მოახსენე თუ ბიჭს რამე დაუშავეს…
-მე იქ, ვინ რას მეკითხება… ღამით, გათბობის საქმე მაბარია…
-ვინ ბიჭს, მე ვიცნობ?!-თითქოს შეფხიზლდა სისტინა, დივანზე წამოჯდა,-გარბენში მონაწილეობდა, ერთი გუშინ შამპანურის აუზში ჩაიხრჩო, მეც კინაღამ ჩამიყოლია შემთხვევით გადავრჩი…-და თითქოს თვალები დააჭყიტა…-ულუმბო, შეენ?! ჩვენს გოგოებს მაგრად ევასებათ შენი კაბები! კიუსკაში შენი ფოტოებიც იყო და ისეთი რამეები ეწერა, მართალა ასე ეშინიათ კაცებს შენი?!-ეშმაკურად შეაჩერდა.
-ხომ ხედავ…-შემცბარ პამპულას თავი მიანება ულუმბომ…
-უუჰ, ამას ჩემიც ეშინია,-ახითხითდა სისტინა,-მით უფრო ახლა შამპო-ბარში, პირველი გამტყუებელი, რომ გავხდი…
-საინტერესოა, მაინც რას წარმოადგენს ეგ შენი შამპო?-სახეზე ლმობიერება გამოესახა და გოგოს გვერდით მიუჯდა.
-ვითომც არ იცი, ამ ბოლო დროს ხომ, სულ შენი კაბები თამაშდება…
-მიტომაც მაინტერესებს…
ინტერნეტის მეშვეობით მოკვლეული ჰქონდა ფონდი ”ჰიდროთერაპიის სიკეთე”, როგორც ”შამპო-ბარი” იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიებოდა, გუა გროტელისა და მისი საზღვაგარეთელი პარტნიორის ვინმე კლარა ვეცბანის დაფუძნებული იყო…
სარეკლამო კლიპებიც ჰქონდა ნანახი, სადაც შოუბიზნესში მოტივტივე მომღერლები ”ჰიდროთერაპიის სიკეთეს” უმღეროდნენ, ხოლო ბიკინების ამარა დარჩენილი გოგოები ამ სიკეთეს თავისებური ცეკვებით განასახიერებდნენ…
ისიც იცოდა, ”გამაჯანსაღებელ კომპლექსში” ორიგინალურად ჩამონტაჟებული გასართობი სახლი, თავისი რესტორან-კაზინოთი, საუნათი შამპო-შხაპებით და მისათანებით ეგრეთ წოდებული ელიტური ახალგაზრდობის ”ეგზოტიკურ” გასართობს წარმოადგენდა. სადაც სხვადასხვა თამაშების შედეგად დაწყვილებულებს მძაფრი პიკანტური თავგადასავლები ელოდათ…
-ვითომც არ იცი… ყველა გადარეულია ამ მძაფრ შეგრძნებებზე…-სისიტინა არეულად ლაპარაკობდა,-ზოგჯერ ისეთ ქორფა გოგოს მოიყვანენ, მეც კი შემეცოდება, მაგრამ რას იზამ, ვინმეს, რომ გამოვესარჩლო თავს წავაგებ… ჩემისთანები თამაშის გამხურებლად უნდათ, თორემ კაცები ქორფებს ეტანებიან…-სისტინა არეულად ლაპარაკობდა,-ვისაც შენი კაბა ერგო, ზოგს გაუმართლა კიდეც, ფული იშოვეს, მაგ საქმისთვისაც ჯანმრთელი გოგოები უნდათ, მე კი ისე ვარ ნარკოტიკებისგან გაჟღენთილი, უბრალოდ მაგარი გამოცდილება მაქვს, რამე რომ დამემართოს, არც არავინ მომიკითხავს და იმიტომ მაჩერებენ… ამანაც აიტეხა გრინქარდი უნდა მოვიგო და ამერიკაში წაგიყვანო, მგონი მატყუებს, ახლა ჩემით ჭამს პურს და ვჭირდები…
-მაშ, ვისაც ჩემი კაბა ერგო, გაუმართლა?!-სევდიანად ჩაილაპარაკა ულუმბომ.
-აბა, რა… ზოგმა ათიათასი დოლარიც კი იშოვა…
-დედობის უნარს, რომ წაგართმევენ ესაა გამართლება…
-ვის რად უნდა ეგ შენი დედობა! ცხოვრება მოსწრებაზეა… ვის გავუჩინო შვილი ამ გამოდებილებულ პამპულას თუ იმ ნაბიჭვრებს შიგნეულობაზე, რომ ააქვთ ტვინი მიბმული…ვერაფრით მოხერხდა ჩემი შხამიანი მინარევებისგან გაწმენდა, თორემ… და ბოლოს კარგი დაქალივით გამოუტყდა,-არა ული, მე იმ გოგოს სულაც არ ვიცნობდი, ისეთს ხომ შამპო-ბარში ვერ შემოიტყუებ, ჰოდა გროტიმ გვიბრძანა, ეს კაბა-კოსტიუმი, მაგ ბუმბულას შეასაღეთო, ვიღაც შემკვეთი ითხოვდა თურმე, ჰოდა… ეს რაა, მე ყოველ გარბენზე გამუდმებული რისკის ქვეშ ვარ, ან მიხვალ ფინიშთან ან არა… ფსიქოპატები ზოგჯერ, რომ გამოგვენთებიან, თუ მთავრ შადრევნამდე ვერ მიდი და იქ ჩარიგებულ კუბოებიდან ერთ-ერთში ჩაწოლა და დამალვა ვერ მოასწარი, შეიძლება დაგეწიოს და გაგგუდოს... ერთხელ, კუბოშიც შემომიხტნენ გიჟები, დაცვის ბიჭები, რომ არა დაღუპული იყო ჩემი საქმე… მერე ამის გამო მთელი დაცვა ერთი კვირა უფასოდ მხმარობდა… ეგაა, ჩემისთანა გამხურებელი ჯერ ვერ იპოვეს, ისეთ რამეებს ჩავდივარ გოგოებსაც კი სხვანაირი მადა მოსდით…-იგი უცაბედად მხიარულად აკისკისდა…
ულუმბო ერთხანს სევდიანად უსმენდა, მერე ხელჩანთიდან გიოს ფოტოსურატი ამოიღო, უჩვენა და ჰკითხა:
-ამ დღეებში ეს ბიჭი ხომ არსად გინახავს?..
სისტინა ფრთხილად დააჩერდა სურათს…
-სადღაც კი მყავს ნანახი, ოღონდ ამ დღეებში არა…-წყნარად წარმოთქვა მან და სანახევროდ მონიტორისკენ მოცქირალ პამპულას გახედა. ისიც უმალ მობრუნდა, ულუმბოს მიერ მისკენ მიშვერილი ფოტო ნაჩქარევად გადაამოწმა.
-არა, არა!-და თავისებურად დაამშვიდა, გიზის მთელი ქალაქი პატივს სცემს, მის ძმისშვილს ვინ რას გაუბედავდა… ან თქვენ, ქალბატონო ულუმბო, ვინ არ იცის ნეტარის ქალი, რომ ხართ…
-ქალი კი არა, მეუღლე!-ღიმილით შეეპასუხა იგი, -ოღონდ, უმისოდაც ვახერხებ თავის დაცვას…
-ეგეც ვიცით, ფეხზე წამოდგა პამპულა, რაც თქვენ, ამას წინათ, სიმგიტარას დღე დააყარეთ… ამბობენ ისტერიკაშია ჩავარდნილი და…-სიცილი აუტყდა, სისტინაც უმალ აჰყვა.
-ქალთან ვეღარ მიდის, იმ ამბის მერე აღარ უდგება, შიშველი ქალის დანახვაზე კი თავზე ხელები წაივლო და ისეთი წივილი აუტყდა…-სისტინა ლამის ჩაბჟირდა…
-იმ ბიჭზე თუ რამეს გაიგებ, შემატყობინე…-ულუმბომ ჩანთიდან ასდოლარიანი ამოიღო, იმ ჟინიან სიცილში გასაცოდავებულ სისტინას მუხლებზე დაუგდო და იქაურობას გაეცალა.
თავის მანქანაში ჩაჯდა და გიზის დაუკავშირდა.
-უნდა შეხვდეთ, აუცილებელი საქმე მაქვს…-გაუპირდა მისალმების შემდეგ, მერე ვერ მოითმინა და აღლევებულმა ჰკითხა,-რატი ხომ არ გამოჩენილა?
-რამ გაგახსენა, შენ ხომ არ გინახავს?!..-ჩაძიებით ჰკითხა მან.
-შეხვედრისას გეტყვი, ხომ იცი…-მიახვედრა, ხომ იცი, შეიძლება გვისმენენო…
შეხვედრა ოც წუთში შედგა, გზისპირას გაჩერებულ მანქანებიდან გადმოსულებმა ერთურთი მოიკითხეს და ტროტუარს ფეხით გაუყვნენ.
გიზი აღელვებული ჩანდა, შიგადაშიგ ცისკენ გააპარებდა მზერას… და შეხვედრისთანავე თითქოს წასასვლელად ემზადებოდა.
-ეგ შენი მოშურნე, სექსუალური გიჟობის წყალობით თავის პარტნიორთნ ერთად გვარიანად გამოთაყვანდა… ჩვინგი, საერთოდ გაითიშა, ცოტა ჩვენც მივეხმარეთ, ამბობენ დუჩმანელიც ვერაა თავის მოტორზეო…-ნიშნისმოგებით შეატყობინა.
-ჰო, გაზეთებმა აიტაცეს, დეპრესიაშია და წამდაუწუმ გაჰყვირის; გაფრინდა, კუბო ჩემი მილიონებით გაფრინდა, დაიჭირეთო…
გიზის გაეღიმა…
-იმ კუბოს დაჭერა მეც ძალიან მინდა, რატის გამოგონება იყო, საფრენ აპარატს კუბოს იერი მისცა, ხომ იცი ეხერხება ეგეთი რამეები და ვერ დავუშალე, თავისებური საღადაო ექსპერიმენტი უნდა გამოსულიყო… ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დუჩმანელის დაცვიდან ერთმა ნაბიჭვარმა ესროლა და რაღაც დაუზიანა. მაინც იფრინა, შემთხვევით მომიტინგეებთან დაფრინდა, იმათაც თავისი იფიქრეს და ტელევიზორში ნახავდი, ამ მთავრობის გასვენების სცენები, რომ გაითამაშეს…რატი იქიკენ გაქანდა, სახლიდან, რაღაც ორას მეტრში ხდებოდა ეგ ამბავი… მაგრამ უეცრად ქარბობოლა ამოვარდა, ბიჭმა საფრენში ჩახტომა კი მოასწრო, თავისი პრემია, მილიონი ეგულებოდა შიგ… მგონი ძრავაც აამუშავა, მაგრამ ქარბობოლამ იმძლავრა და მასთან ერთად გაიტაცა…
-რაებს მიყვები?!-განაწყენდა ულუმბო.
-სიმართლეს, შენ ხომ სულ სიმართლეს ითხოვ ჩემგან… არვის მოუყვე, თუმც, ბევრი ნაბოდვარად ჩათვლის, მაგრამ ჩვენთან ყველაფერს ბეჭდავენ და ჩვენებმა რომ წაიკითხონ… თავიანთი შვილის ამბავი, კარგად იციან, უმალ მიხვდებიან, რაღაც შარში, რომ გაება… მე იმედით ვარ, ნიჭიერი ბიჭია და ვფიქრობ ამ ამბიდან გამოძვრება… თანაც საუკეთესო პროგრამისტი მუშაობს საფრენ აპარატთან დასაკავშირებლად…
ულუმბოს რატის ბავშვობისდროინდელი ფათერაკები გაახსენდა და იგრძნო გიზი სიმართლეს ეუბნებოდა.
-ღმერთო ჩემო… არადა…-ულუმბომ აღარ იცოდა რა ეთქვა.
-შენი დაქალი დაამშვიდე, მიტოვებულად არ იგრძნოს თავი… დაბრუნებისთანავე მითხრა, ძალიან მაგარი გოგო გავიცანი, საქორწინო მოგზაურობაში მინდა წავიყვანო და მილიონი მჭირდებაო… ხომ იცი მამამისთან არ არის ისე ახლოს, როგორც ჩემთან… ჩემებს ვუთხარი გარკვეული ხნით თავის საქმეზე ბალტიისპირეთში გაფრინდა და მალე შეგეხმიანებათ მეთქი… იმედი მაქვს მალე გამოჩნდება, თორემ…-გიზი ძალიან შეწუხებული იყო,-მოდი, ამაზე ნუღა ვილაპარაკებთ… შედეგებს დაველოდოთ… ლიკას რაც შეეხება, ორიენტაცია შეიცვალა, დარწმუნებული იყავი შენთვის მეტად აღარ ეცლება…-და როცა ქალის ირონიული ღიმილი შეამჩნია გულღიად გააგრძელა,-არა, არა, მე როგორ დავიბრუნებდი, უბრალოდ ხომ იცი, პირველი კაცი ვიყავი მაგისთვის და უპატრონოდ ვერ მივაგდებ…
-შენი საპატრონო რა უნდა ჭირდეს, ტელევიზორიდან ისეთი ამბები მესმის მაგ წყვილის შესახებ, რომ…-ულუმბოს იმის თქმა უნდოდა, ეშმაკს რა უნდა დამართნოდაო…
-ჰო, ზოგი მართალიცაა, ძლივს გავთიშეთ…-ჩაიცინა გიზიმ,-კინაღამ შეაკვდნენ ერთმანეთს, იძულებული ვიყავით დამაწყნარებლები შეგვეშხაპუნებინა… მერე ქალი შემეცოდა, როგორღაც შევაფხიზლეთ, მაგრამ რაღაც ფსიქოლოგიური ვაგინიზმის მაგვარი შეეყარა.. მგონი კოიტოფობიაც აიკიდა; სქესობრივი აქტის აკვიატებული შიში… ის ნახევრადრობოტი თითქოს გათიშული იყო და მაინც მისკენ მიიწევდა. შეფუთული გავუგზავნეთ დუჩმანელს, იხვეწებოდა, თუნდაც მკვდარი იყოს, სასწრაფოდ გადმომეცით, მე მივხედავო… ლიკა მუხლებში ჩამივარდა, არ გამწირო, მაგას აღარ გამაკაროო… რა მექნა… ახლა ჩვენი ექსტრასენი მკურნალობს… გამოკეთება ეტყობა… ინგლისურად ლექსების წერაც დაიწყო, ზის კომპიუტერთან და…
-რაა, ლიკამ ლექსების წერა დაიწყო?-ულუმბოს რაღაც ენიშნა.
-ჰო, მკურნალობის მეთოდია ასეთი პოეტური მასაჟი, ანუ როგორც მე ვეძახი ლექსოთერაპია… მაესტრო ისეთი მარჯვე ვინმეა, შეიძლება მალე ქალიშვილობა დაუბრუნოს და…
-შენ რა, გელი მოგელს იცნობ?!-ულუმბოს უნებლიეთ ლოყები შეეფაკლა.
-ვისთვის მოგელს და ვისთვის ნანტ ნატრის; დიდი ვირტუოზია, განსაკუთრებით მარტოხელა ქალების გულთმისანი… ახლა ლიკაც მარტოხელაა და…-გიზი უცებ გაფრთხილდა,-შენ რა, მაესტრო მოგელის კლიენტი ხომ არ ხარ? ოღონდ სიმართლე მითხარი, როგორც შენ ითხოვ ჩემგან… გეფიცები არვის ვეტყვი… მითხარი და მეც გაგიმხელ…-და აწრიალებულ ულუმბოს, რომ შეხედა სიცილი ვეღარ შეიკავა.
-ჰო, ჰო კარგი…თავს ვიქცევ, თანაც ინგლისურს ვსაწავლობ, ასე უფრო კარგად ვითვისებ…-არ შეიტეხა ქალმა.
-ოო, ყოვლისშემძლე ბანდო, თავად მოუხელთებელი ულუმბოც გახვეულა შენი პოეტური მასაჟის ხლართებში…-ჩუმად შეიძახა კაცმა და გაოცებად ქცეულ ქალს ლოყაზე მეგობრულად აკოცა.
-ის ჯუჯა?! ღმერთო ჩემო…-ულუმბო ალალად გამხიარულდა.
-ჰო, მაგრამ ჩვენში დარჩეს, კლიენტურას ნუ დაუფრთხობ, რაფირინებული სულის არსებაა… ნურც შენ გაუმხელ მისი ვინაობა, რომ იცი, გააგრძელე ინგლისურის სწავლა… ეგრეა, სხვა ეპოქაა, ახლა ინტერნეტია ჩვენი მესაიდუმლე…-მის ხმას სევდა შეეპარა,-უნდა წვიდე, ბოდიშს გიხდი, ჰო… შესაძლოა მე ნეტართან გადავფრინდე, რამეს ხომ არ დამაბარებ?
-შორეულ მდუმარებაში უკეთესად შევიგრძნობთ ერთმანეთს…-გამომწვევად, მაგრამ ღიმილით მიუგო.
-მართლაც უცნაურები ხართ…-გიზი გულთბილად გამოემშვიდობა და თავის მანქანისკენ წავიდა.
ულუმბომ უნებლიეთ ზეცას ახედა და უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სადღაც ცის სირღმეში საბედასეულ ბუმბულის სახლს მოჰკრა თვალი.
მერე შეამჩნია მანქანაში ჩამჯდარი გიზის ხელის აწევით ემშვიდობებოდა… თავადაც დაუქნია ხელი და ავტომიბილის კარი გამოაღო. მიხვდა ხელმოცარულად გრძნობდა თავს. მაინც გამხიარულდა, მოაგონდა, რა ხალისიანად თხზავდა სრეკლამო ფრაზებს და კომპიუტერთან განმარტოება ისურვა, რათა გრძნობაში ჩასახული ლექსი ტაეპებად ჩაემწკვრივებინა…ინგლისურად ეთარგმნა, საიტზე დაედო და ”Geli Mogeli”-ის კომენტარსა და პოეტურ შეპასუხებას დალოდებოდა… ” საერთოდ დავხურავ ამ ატელიეს… კიდევ ვინმეს ცოდვა, რომ არ დავიდო…”, გაიფიქრა, ”სარეკლამო სააგენტოს გავხსნი”, გადაწყვიტა უცებ, და ისევ მოგონებებმა გაიტყუეს, ისე ძლიერ, რომ შეშინდა რაიმეს არ შევეჯახოო და მანქანა შეაჩერა… ”ეტყობა გადავიღალე…”, თვალები მილულა; ოცი წლის წინანდელი ეპიზოდები ისე გაიხსენა, თითქოს სიზმარს ხედავდა… უცებ, მობილურის ზარის ხმა ჩაესმა, საბედა იყო…
-როგორ შემაშინე, კიდევ კარგი, თორემ ხალხის მოყვანას და კარის გატეხვას ვაპირებდი…-შეეპასუხა სწრაფად და თითქოს ახარა,-დამშვიდდი, შენთვის არ უღალატნია, აქ სხვა ამბავია, მოვალ და მოგიყვები…
ეჭვიმატანილი
მეგობარი ქვეყნის ნაჩუქარმა რადარმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში უცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირა. ჰოდა, წავიდა: დღეში 20-დე სხვადასხვა მიმართულებისა და ნირის ექსპერტი მაინც გამოდიოდა ამა თუ იმ ტელევიზიის სტუდიაში. წარმოდგენები უპილოტო მზვერავ თვითმფრინავიდან სუპერბომბდაშენამდე ვითარდებოდა.
იყო განცხადებები, მუქარა, იჭვი, ოპოზიციის კიდევ უფრო გააქტიურება სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით… ბოლოს, პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა. მაგრამ მზადყოფნაში მოსაყვანი ბევრი არც არაფერი იყო. მერე საალღუმო ქვემეხიდან ერთი ლამაზად დააქუხეს…მორიგმა ჭორმა აიდგა ფეხი ქვეყნის ბიუჯეტი ცაში გაფრინდაო და ხალხმა ცას მიაპყრო თვალი. მაგრამ ციური მანანა ნაღდად არ აპირებდა ჩამოცვენას…
ბოლოს, გულის მოსაოხებლად მომიტინგეებმა ”საჰაერო თავდაცვის სცენა გაითამაშეს”. შურდულით შეიარაღებული რამდენიმე კაცი, ”ბრძანების” მიღებისთანავე მოიმარჯვებდა შურდულებს, იდუმალ მფრინავ ობიექტს ”ცეცხლს” გაუხსნიდა. ვითომდაც, წარსულ თემებზე ოინბაზობდნენ… მაგრამ, ვაი რომ რეალობას ჰგავდა.
ერთხელაც, ჰაიჰარად გასროლილი ქვა მახლობლად შენობის ფანჯარას მოხვდა. ფანჯარა ჩაიმსხვრა… ამ სცენამ მოულოდნელად ხალხი აღაგზნო და პარლამენტის შენობისკენ ქაოსურად დაიძრა… სვეტებთან გამწკვრივებული მომიტინგეებთა ტრაფარეტული გამოსვლებით მოწყენილი პოლიციაც თითქოს ამას ელოდა… ჰოდა, წავიდა… მართალია, შურდულიდან ნასროლი ქვით საჰაერო სივრცეში ფარულად მოხეტიალე აპარატი ვერ ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმანეთს შერკინებულმა მხარეებმა საკმაო ზარალი განიცადეს. სიტუაციის განსამუხტად სახანძრო მანქანების ავზებიდან დაძრული ცივი წყლის ნაკადი ნამდვილად სანატრელი გახდა. მოქალაქეები ლანძღვა-გინებითა და წყევლა-კრულვით დაიშალნენ…
გუა გროტელს, რომელიც რამდენიმე საზღვარგარეთული ჟურნალ-გაზეთს ფოტომასალებს აგროვებდა, უცებ ორმა ნიღბიანმა ხელი ჩაავლო, გაათრია, და შორიახლო მდგომ ”ვოლვოში” შეტენა…
შეშინებული გროტელი გაოცებილი აცეცებდა თვალებს და იმის ახნას ცდილობდა, რომ იგი პოლიციის შეფს პირადად იცნობდა, რომ პირადად მისდგან ჰქონდა ხელშეუხლებლობის გარანტია მიღებული.
ცოტა ხანს უსმინეს, მერე კი საჭესთან მჯდომმა ნიღბიანმა გააფრთხილა:
-ნუ დაგვღალე, ჩუმად… გააარკვევენ რაღაცას…
გუა გროტელს მექანიკურად გაახსენდა ვისი მფარველობის იმედი უნდა ჰქონოდა, ვისთან იყო შეკრული, ვისი დავალებით მსტოვრობდა თუ ჯაშუშობდა და თანდათანობით დამშვიდდა. თანამგზავრები ხმას არ ირებდნენ და მანაც ისე დაიჭირა თავის, თითქოს არხეინად იყო. მაგრამ უცებ, ისე, რომ არც კი უგვრძნია მანქანა გაჩერდა. ხელი მხარში ჩაავლეს, შეაფხიზლეს, ძირს გადაათრიეს. რაღაცის ამობლუკუნება ძლივს მოასწრო, სადღაც უკანალით სკამზე დაანარცხეს, ზედ მარჯვედ მიაბეს და მალე ვიღაცამ თავში თითები ჩაუკაკუნა:
-შეიძლება?-იკითხა მამაკაცმა ბოხმა ხმით.
-კი ბატონო, მობრძანდით…-მორჩილად შეეპასუხა გროტელი.
-გმადლობთ, თქვენი ნებართვით ჩამოვჯდები…-დინჯად მიუგო მან. და გროტელს ასე მოეჩვენა, რომ იგი მართლაც მის ტვინში ჩამოჯდა.
მერე დიდხანს არკვევდნენ თუ ვისზე მუშაობდა ცნობილი ფოტორეპორტიორი და კოლექციონერი, ორმაგი აგენტი იყო თუ სამმაგი… ვისი მითითებით მოახდინა თავის საგამოფენო დარბაზში აფეთქებების იმიტაციის მოწყობა თამეხ დუჩმანელისა და მისი ამალის დასშინებლად, რა ურთიერთობა ჰქონდა ჩვინგისა და მისი ასისენტის გამტაცებლებთან… რა იცოდა მფრინავი კუბოსა და შიგ ჩამხტარი ბიჭის შესახებ… როგორც ხდება ხოლმე დასაწყისში გროტელს, ვითომდაც ყოჩარად ეჭირა თავი, მაგრამ მერე, როცა სახეში შემოსცხეს, აღარ დაელოდა ყვერებში როდის წაუჭერდნენ ხელს და ლამის იმაზე მეტი მოყვა მისი საიდუმლო ურთიერთობების შესახებ, ვიდრე სინამდვილეში იყო… მაგრამ ეს არ იკმარეს და ისეთი რამე აკადრეს, რომ ამგვარი ”ზეწოლის” კადრებს კინოფილმებშიც, რომ არ აჩვენებდნენ, ჰოდა, ისეთ რამეებს მიედ-მოედო, ისეთი ხალხი დაასახელა, ოცდაჩვიდმეტი წელი, რომ ყოფილიყო ნახევარ ქალაქს იმავე ღამეს თუ არა ერთ კვირაში ”ჩამოუვლიდნენ”. მაგრამ იქ მყოფთაგან ვიღაცას იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და თქვა, ამან მგონი გარეკაო… ”ზეწოლას” მოეშვნენ, თავისებურად ”დაუყვავეს” და სთხოვეს, კუბოში ჩამხტარი ბიჭის, სურათი, რომ გადაიღე, ის კადრი გვიჩვენე და გაგიშვებთო…
-ჰო, თაიმსიდან დამირეკეს მომიტინგეები კუბოს დაარბენინებენო, მივედი, მაგრამ ძლივს მივუსწარი, ერთი კადრის გადაღება ძლივს მოვასწარი და ქარბობოლამ გაიტაცა, ის ბიჭიც გაიყოლია, შიგ რომ ჩახტა, მაგრამ კადრზე, რაღაც გაურკვეველი გამოსახულება, ასე მომეჩვენა ქარიშხალი ხარხარებდა… ისე ხარხარებდა, ისე ხარხარებდა, რომ შევშინდი და ის კადრი ამოვჭერი და დავწვი…-ლუღლუღებდა თვალებახვეული…
მაშინ ერთმა ხმადაბლა იხუმრა, ალბათ მართლა აზრზე არაა, თორემ ასეთ შეტენვას შტირლეციც ვერ გაუძლებდაო და ზეწოლიგან გაუბედურებული გროტელი ახსნეს, გააფრთხილეს არ გაბედო, ამის შესახებ ვინმეს რამე არ მოუყვეო, შენობიდან გაიტანეს, ავტომობილში ჩასვეს და ქალაქიდან კარგა მოშორებით მიმავალი მანქანიდან გადმოაგდეს… ფოტოაპარატი დამიბრუნეთო, უნდოდა საცოდავს ეთქვა, მაგრამ არც მას ქონდა ამის თქმის თავი და არც არვინ იყო დამბრუნებელი…
ამ დროს, თავს ზემოთ ქარბობოლამ გადაუქროლა და საცოდავს მოეჩვენა რაღაც ხარხარით ჩამოსძახა, სახეზე კი გაზეთი აეკრო. ”სარეკლამო უსტარის” ძველისძველი ნომერი იყო. გვერდებმა კიდეები, თითქოსდა სახეზე შემოცხეს… გაზეთი ძველებურად რვაგვერდიანი ჩანდა, შიგა გაშლილი გვერდი ჩვეულისამებრ იდო შიგ. თვალი მოჰკრა, შიდა გვერდზე მის მიერ გადაღებული მარაოს სურათი იყო დაბეჭდილი… იქვე კი, მაშინდელი სარეკლამო სააგენტოს რომელიღაც რედაქტორის მოგონილი სარეკლამო ტექსტი: ”საამოდ არხევს თმის კულულს მარაოს ნიავქარია...”.
დამფრთხალმა ძალა მოიკრიბა, იქაურობა მიმოათავლიერა … გარშემო თითქმის არავინ იყო, უცებ, მოეჩვენა, რომ გაზეთი ხითხითებდა. შეშინებულმა მისი გადაგდება სცდადა, მაგრამ ქარმა ისევ დაუქროლა და თითქოს გაზეთის ფურცელმა ლოყაზე კვლავ შემოჰკრა კიდე… გზაზე სასწრაფო დახმარების სირენის ხმა გაისმა… უცებ ნიავი ქარბობოლად იქცა, თითქოსდა სარეკლამო უსტარმა იხმოო, ისე მიეახლა მას, თითქოსდა ფაქიზად აიტაცა და ხარხარით გაქანდა ზემოთკენ…
გუა გროტელი საკაცეზე ძლივს დააწვინეს, რადგან საკაცის ქვეშ შეძრომას და დამალვას ცდილობდა. ზეცაში მოხარხარე ქარბობოლას ხის ტოტებივით გაშლილ წარბებს ხედავდა, ასე ეგონა, ისინი საცა იყო ბადესავით ჩამოიშლებოდა და აიტაცებდა…
მაგრამ ”სარეკლამო უსტარი” ქარბობოლას ღრმულში შესრიალდა და ისე, როგორც ცოცხალ არსებას ჩვევია, ბუმბულის დივანზე წამოწოლილ რატის დედობრივი მზრუნველობით მიუალერსა…
რატი სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, გარეგნულად თითქოს ლეთარგიულ ძილს მოეცვა, მაგრამ გონებით დედამიწის გარშემო მოგზაურობდა… ზღაპრულად მორთულ ბუმბულის სასახლეში საბედასთან ერთად ნებივრობდა.
ქარბობოლას ხორთუმში მონანავე კუბოში პაწია შავგრემანი გოგო ფთილა ღრუბლით ერთობოდა… იგი, ეგზოტიკურ ქვეყანაში მცხოვრებ ღარიბი ოჯახის მეეცხრე შვილი გახლდათ. ონავარმა კუდბაწარას ისე ძალუმად მოუხმო, უცებ მოვარდნილი ქარისგან, ახლომახლო ქოხმახები ერთიანად დაინგრა, თავად კი, კისკისით შესრილადა ქარბობოლას ხორთუმში და ღრუბლის ფთილაში ნებიერად ჩაგორდა.
ფორიაქი
”შევცოდე და ის ბიჭიც დავღუპე…”, წვალობდა აფორიაქებული საბედა, ვინაც გამუდმებით უხმობდა მის შინაგან სტიქიასთან თანამოზიარე იდუმალ ძალებს…
ეჭვობდა, რომ ულუმბომ გაუკეთა პროვოცირება მისსა და რატის სიყვარულს, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ შინაგანად თავად ილტვოდა სიყვარულისკენ და უნებლიეთ რაიბულის ”სულს” შენდობასაც სთხოვდა. ღმერთს ევედრებოდა, რომ რატის მისდამი გრძნობა არ გაციებოდა, საკუთარ თავში, თითქოს ბოლომდე ვერ გარკვეულიყო, ყოველივე ამას თითქოს პლუხერიას ”სულისთვის” გასაგები პირობითობა ედო საფუძვლად…
შეცოდების განცდით აფორიაქებულს, ერთი პირობა, მტანჯველი სურვილი დაეუფლა იმისა, რომ რატისადმი აღძრული სიყვარული როგორმე უგულებელყო, რათა არ გამხდარიყო მიზეზი მისი წინსვლის შებრკოლებისა… კვლავ იგრძნო, რომ გამოუცნობი ენერგია თან სდევდა, თითქოსდა მისი გამოწვვევა სურდა. ბოლოს იმასაც ჩასწვდა, რომ თავისდა უნებლიეთ მისთვის შეუცნობ სტიქიის შინაგან პროცესებში ერთვებოდა და მისთვის შეუცნობ ძალთა პროვოცირებას იწვევდა…
მთელი ღამე ბორგვასა და ძილ-ღვიძილში გაატარა, მერე საღამომდე ეძინა. გამოღვიძებულმა იგრძნო, რომ ძილში, თითქოს ქვეყნის კიდემდე იხეტიალა… გულმა გარეთ მოთარეშე ქარისკენ გაუწია. მერე ულუმბოს დაურეკა, ყურმილიდან ჩვეულებრივი ზუმერის მაგივრად, ქარბობოლას სიმფონიის ხმა ჩაესმა. ქარი თავისებურ ნანინას უმღეროდა. ”რაღაც ხდება…”, გაიფიქრა მან და შეიცნო იდუმლად თანამოაზრე ძალები მისი წადილის ასრულებას ესწრაფვოდნენ.
საშველად, შინაგან სტიქიასთან თანამოაზრე იდუმალ ძალებს მოუხმო, რათა ბედისწერა რატის სასიკეთოდ შემოეტრიალებინა, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან საკუთარი თავის გარიყვა გაუჭირდა.
ერთხანს ეგონა, რომ რატის მშობლებმა და სანათესაომ მასთან შეხვედრა აუკრძალა, მერე იმასაც ფიქრობდა, ბიჭი ძალისძალად ყავდათ გამოკეტილი და მასთან არ უშვებდნენ… ძალზე უნდოდა რატი მოეძებნა, მაგრამ როგორც კი გაახსენდებოდა, რომ რატი ასაკით ლამის შვილად შეეფერებოდა, ძალა ეცლებოდა. იმედწართმეული ბინაში შეიკეტა და ერთხანს ულუმბოსაც კი არ იკარებდა… მერე თავგამოდებით ლოცულობდა, ზოგჯერ მექანიკურად იმეორებდა, ”უფალო შემიწყალეს…”. ბოლოს პლუხერიას საფლავთან მისვლა მოუნდა, რათა აფორიაქებული სული დაემშვიდებინა… ულუმბო გაფრთხილებული ჰყავდა, არვის ნახვა არ მინდა და ნუღარ შემეხმიანებიო, მის სანახავად მოსულს კარიც კი არ გაუღო, მერე შერცხვა თავის საქციელის და თავად დაურეკა, მოუბოდიშა…
-კიდევ კარგი, თორემ შესაძლოა მეზობლები შემეგროვებინა და კარი გაგვეტეხა… დამელოდე, ცნობები შევკრიბე და…-ულუმბოს საუბარი აღარ გაუგრძელებია.
საბედა მოუთმელად ელოდა.
ულუმბო მეგობრულად მოეხვია, საბედა კიდევ ერთხელ შეეცადა აეხსნა თავისი საქციელის მიზეზი…
-არა, არ გავნაწყენებულვარ, ცოტათი მეშინოდა… მაგრამ ეს უმნიშვნელოა…-დაუყვავა დაქალმა. სთხოვა სავარძელში ჩამჯდარიყო და როცა ”თვალებამოღამებული” საბედა ცნობისმოყვარედ შეაჩერდა, გააგრძელა,-დამალობანას თამაშს აზრი არა აქვს, უსაფუძვლო ეჭვებმა, რომ არ დაგტანჯოს სიმართლე უნდა იცოდე… ვგონებ, რაღაც მოულოდნელი და საბედისწერო რამ მოხდა… დაწვრილებით გავიკითხე რატის ამბავი, რაც გიზიმ დამიმალა, მის ძმაკაცს დავაფრქვევინე… მერე იმ მომიტინგესაც მივაგენი, ვინაც მიწიდან ატაცებამდე რატის თვალი მოჰკრა. ასე გამოდის, რომ თავის საფრენ აპარატთან ერთად ქარბობოლამ აიტაცა. იქნებ მოახერხოს, ძრავიც ჩართოს და სადმე დაეშვას, იმედს ნუ დავკარგავთ…-და როცა იგრძნო საბედა გასაცოდავებულ იერს ვერ მალავდა, ხელისგული თმაზე ნაზად გადაუსვა,-შენ ხომ ამ ამბის შესავალი არ იცი…-გვერდით მიუჯდა და შეეცადა უფრო მისახვედრად მოეთხრო იმ ფათერაკის შინაარსი. ნანახი სიზმარი და თავისი ეჭვებიც გაუმხილა…
-თუ ასე იყო, იქნებ ქარბობრბალას არ გაუტაცნია და აპარატი თავისით აფრინდა…-საბედა თავისდა უნებურად გამოცოცხლდა.
-მეც მაგას ვამბობ, მაგრამ სად დაეშვა ესაა საინტერესო… ამ ქარბობოლების ბზრიალ-გრიალზე იმდენი ფანტასტიკური რამ წამიკითხავს და გამიგონია, რომ შესაძლოა მაგ ბიჭმა სულ სხვა კონტინეტზე ამოჰყოს თავი…-და მის შესაქცევად ისეთ ამბებს მოჰყვა, რომ მალე საბედა ”მიტოვებულად” ნამდვილად არ გრძნობდა თავს. უკვე იმას ფიქრობდა ინტერნეტის მეშვეობით, როგორ მოეძებნა თავისი სიყვარული…-ჯერჯერობით ამ ამბის გახმაურება ნამდვილად არ ივარგებს!..-მიუხვდა ულუმბო,-მის მშობლებს ჰგონიათ, რომ გიზის მივლინებით ჰყავს გაშვებული, ამ ვერსიის გასამაგრებლად თავადაც გაფრინდა საზღვარგარეთ… ასე რომ უნდა დაველოდოთ და უფალს ვევედროთ ყველაფერი კარგად დამთავრდეს…
საბედას რაიბული გაახსენდა და თავისთავად აქვითინდა. მერე ულუმბოს რჩევით დამამშვიდებელი აბები მიიღო და იქვე სავარძელში ჩაეძინა.
ულუმბოს პოეტური მედიტაციები გაახსენდა, გაღიმებული კომპიუტერს მიუჯდა. ”ბანდო, რას ვიფიქრებდი?!”, როგორც არ უნდა იყოს საინტერესო მოაზროვნეა… და უნებლიეთ ბავშვურმა სიანცემ მოიცვა. კლავიატურაზე ინგლისურად ორსტროფიანი სასიყვარულო ლექსი აკრიფა და საიტზე შეაგზავნა.
და ერთი ხნით მიჩუმათებული ”Geli Mogeli-ს” პოეტურმა პასუხმაც არ დააყოვნა. ”მაესტრო” თითქოს თანაუგრძნობდა, მაგრამ მიანიშნებდა, რომ მისი ლექსი არაგულწრფელი იყო…
ულუმბომ შესაფერი კომენტარი დაურთო ”მაესტრო გე”-ს ლექსს, როგორც ის მას მოიხსენიებდა და უცებ შეამჩნია რომ სტრიქონებში ჯვარედინად იკითხებოდა ”ლატენტურია, ქარბობოლას აედევნება…”, ულომბო შეკრთა, შემპარავად გახედა მძინარე დაქალს, რომელსაც სახეზე სიმშვიდე ეფინა. ”ვგონებ, ლამაზ სიზმარს ხედავს”, მერე ”მაესტრო გეს” ლექსს კიდევ გადაავლო თვალი, ”გიზიმ გამაფრთხილა, ნუთუ ეს ჯუჯა მართლაც გულთმისანია?!”, და გადაწყვიტა არც თავად დარჩენილიყო ვალში: ”მე გიზის მეგობარი ვარ… თქვენს ნიჭს და უნარს ვაფასებ, მაგრამ აღარ შემიძლია ძველებური გატაცებით გაგიმჟღავნოთ ჩემი სურვილები…”
”თქვენ მხოლოდ ნეკერჩხლის მეგობარი ხართ… მაგრამ შეგიძლიათ ჩემთანაც იმეგობროთ… მეც ხომ იმ ნეკერჩხალივით არასტანდარტული ვარ…”, მიიღო პასუხი.
ულუმბო შეკრთა, იგრძნო ჯუჯას, რაღაც სხვა ძალა ჰქონდა და შესაძლებელი ხდებოდა მისი გარეგნობისთვის ყურადღება არ მიექცია.
”არა, შევეცდები, ისევ თქვენს პაციენტად დავრჩე, მაინტერესებს, რა შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში… ახლა კი მირჩიეთ, ჩემს მეგობარს, რით ვუშველო?..”
”თქვენეული შველა”, შესაძლოა, პირიქით, მის საბედისწერო დაბრკოლებად იქცეს… განმატოვდით, ილოცეთ მისთვის და ზედმეტად ნუ შეაწუხებთ…”
ულუმბომ მადლობა მოუხადა, საბედასკენ მიიხედა, ”ეკლესიაში სანთლებს დავანთებ…”, გადაწყვიტა და შეეცადა ფრთხილად ემოძრავა…
საბედა კი, სიზმარში ქარბორბალას უხმობდა… ”ლატენტურია…”, ესმოდა ვიღაცის იდუმალი ხმა … ამ არსებას, ისე, როგორც კაცობრიობას, რაღაც ფარული და ამოუცნობი სამყაროსკენ ლტოლვა უკარგავს მოსვენებას”. მერე, თითქოს თვალი მიადევნა ბუმბულის სახლს. სადღაც ზესკნელში მქროლავმა ნიავქარმა თავისებურად მიუალერსა და შესჩურჩულა:
-საბედ, საბედ შემოგევლეთ, მოგვენდე, ჩვენ მოგვენდე…
ეჩვენა კვიპაროსის ხესთან, მიწაზე გაშლილ ჩალაზე იწვა, და მშობიარობა ეწყებოდა, ჩუმად წამოიკვნესა კიდეც, მაგრამ ინტერნეტით გართულ ულუმბოს არაფერი გაუგია. ზმანებაში კი, საბედასთან პლუხერიას აჩრდილი დაეშვა, მიწას ფეხი გაუსვა და სთხოვა: ”გააღე კარიბჭენი შენი!..” მალე მისი ლოცვა-ვედრებით კვიპაროსმა გახსნა თავისი ფესვები, განირღვა მიწა და მიწისქვეშეთში ჩავრდნის შიშით შეპყრობილი ქალი უცაბედად ნიავის მიერ ჩამოტარებულ ბუმბულის სახლს ჩაეჭიდა, ზეციკენ დაიწყო სვლა…
მძინარე სავარძლიდან წამოდგა და აივნისკენ გასრიალდა, კომპიუტერის ეკრანს მიჩერებულმა ულუმბომ რაღაც იგრძნო, თუმც, მიხედვა დაეზარა. აივანზე უხმაუროდ დაეშვა ქარბობოლას თეთრი სვეტი, საბედა ნაზად აიტაცა და გაუჩინარდა… გაზეთის ფურცლებმა ალერსით ჩაიკრეს მკერდში; ზედ დაბეჭდილმა სარეკლამო ფრაზებმა შეუცნობ არსებებივით დაუწყეს ალერსი… ქალს ეგონა რომ სხეული აღარ გააჩნდა და უშუალოდ მის სულს ეალერსებოდნენ… სარეკლამო ფრაზებს, რომელიღაც სენტეცია შემოუერთდა, შემდგომ, ერთი ოცდაათსაუკუნოვანი ფრათამალი ტაეპი, ძალიან ესიამტკბილა, ოდნავადაც არ აწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ დედობის უნარი წაართვეს ან ის, რომ მასზე წლოვანებით ბევრად უმცროსი ბიჭის საყვარელი გახდა…
****
****
****
****
****
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
****
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე
0 коммент.:
Отправить комментарий