გაგრძელება _ფანჯარა მეორე
დეკორაციული ინციდენტი
გამომწვევი სიმსუბუქით ჩაცმული გუა გროტი თავისებური ლაქუცით ხვდებოდა სტუმრებს, ცდილობდა ალღო გაემახვილებინა; თადარიგი უნდა დაეჭირა და გამოეთვალა, ახლო მომავალში, გამორჩეულად წარმოდგენილი ექსპოზიციის რომელი ადრესატის იმიჯი გაფერმკრთალდებოდა პოლიტიკურ ავანსცენაზე… და როცა, რომელიმე მათგანზე მიიტანდა ეჭვს, შინაგანად ”წარსულ დიდებასთან” გამოსათხოვარი მწუხრით იმოსებოდა… წუხდა, შემოქმედებით პირმშოდ მიჩნეული ესა თუ ის ექსპოზიცია თავისივე ხელით, რომ უნდა მოეშალა.
იგი დახვეწილი ფარისეველი გახლდათ; თუ ვითარება ითხოვდა ტრადიციული სარწმუნოების ერთგულ მიმდევრად წარმოაჩენდა თავს, პეტრიოტობასაც ჩემულობდა, საკუთარი მაწანწალური სიამოვნებისთვის კოსმოპოლიტის მანტიას მარიფათიანად მოირგებდა, მაგრამ უპირველესად ხელისუფლების წარმომადგენელთა მოხიბვლას, ყოფიერების ასპარეზე მომძლავრებულთა კეთილგანწყობის მოპოვებას ეშურებოდა; შემოქმედებითი აზარტით აგროვებდა”კლანური ელიტის” წარმომადგენელთა მოწონებულ და ხელშენახებ ნივთებს, ხშირად მაამებლურ ქურდობასაც არ თაკილობდა და პატრონისთვის არცთუ ისე თვალსაჩინო ნივთს, სხვებისდა დასანახად ”ფარისევლური დელიკატურობით” იპარავდა. მერე ადრესატისადმი მიძღვნილ სახოტბოდ შემკულ ექსპოზიციას ქმნიდა და შესაფერისი მოვლენის პრეზეტანციაზე, საგამოფენო დარბაზში წარმოადგენდა…
ვიღაც-ვიღაცისთის მადისამღძვრელად ჩაპუტკუნებული ქალი, მისი მეუღლე ინეს გოტიკა, ”პეტრიოტთა” კავშირის პრეს-მდივანი გახლდათ. კომკავშირული ზეობის ხანაში მორალისა და ეთიკის შესახებ აღძრულ მოარულ სტატიებს კონვეიერული რიტმით აქვეყნებდა… ახლა კი, საკმაო დახელოვნებით წარმოაჩენდა ცნობილ კოლექციონერ გუა გროტის საგამოფენო დარბაზში გამართული პრეზეტაციის შტრიხებს. ამა თუ იმ ”მოღვაწის” ფსევდოანონიმური ექსპოზიციის მისეული დასურათხატება დამაინტრიგებლად იქცევდა მსმენელისა თუ მაყურებლის საგანგებო ყურადღებას… და უკვე, ცოლ-ქმარს, ზოგი იმ იმედით, რომ იქნებ ”ელიტარული კოჰორტას” მივეკედლოთო, ვითომდაც შემთხვევით ჩუქნიდა საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთს…
-დუჩმანელი, დუჩმანელი მოვიდა…-გადაუჩურჩულა მან მომლოდინე ქმარს, და ისიც მლიქვნელობაში გამობრძმედილ შინაგან მეს მიენდო.
წუთით ტანი ისე წაიღო, თითქოს გასრიალდა. მერე გავლენიანი ბიზნესმენისადმი მიძღვნილ ექსპოზიციისკენ თვალი თავმომწონედ გააპარა, რომლის ”ბირთვს” დუჩმანელის ნახატების კოლექციიდან ”ველური მშვენიერების” დახმარებით მოპოვებული მინიატურული პეიზაჟი წარმოადგენდა.
თამეხ დუჩმანელი, შესამჩნევად მაღალი, სახეხმელი კაცი, თითქოსდა უფერული, არაფრისმთქმელი თვალები, რომ ჰქოდა, გონიერი და თავისებურად წინდახედული კაცი გახლდათ… თუმც, ხშირად თავის შესაძლებლობებში ზედმეტად დაჯერებული იყო, და ეჩვენებოდა, თანამემამულეთა უმეტესობა გულუბრყვილო მოწიწებას გამოხატავდა მისი პიროვნების, ანუ მიმზიდველი ლეგენდის კვალობაზე უცხოეთში გამდიდრებული მილიარდელის მიმართ…
გუა დარწმუნებული იყო ყოვლისშემძლე თამეხ დუჩმანელი მფარველობდა და თავი ქუდში ჰქონდა. მაგრამ მომავალი პრეზენტაციის მომლოდინემ, რომელსაც მისთვის წარმატება უნდა მოეტანა ”ველური მშვენიერებისთვის” მარცხის გამხელა არ ისურვა… ”’შენი ჰობი ამ საქმესაც მხატვრულად შეიკედლებს” ახსოვდა ლიკას გაფრთხილება… მიხვდა, მარჯვე, მოხერხებული პარტნიორის სახელი, რომ შეენარჩუნებინა დამოუკიდებლად უნდა ემოქმედნა.
ის იყო, სტუმარსა და მის ამალას ფოტორეპორტიორებისა თუ ტელეოპერატორების ფონზე თავისებური პეწით უნდა შეგებებოდა, რომ უცებ ექსპოზიციასთან აფეთქების ხმა გაისმა. შავი კვამლი, თითქოს დეკორაციულ ნაფლეთებად ამოვარდა და შიგ ცეცხლის ალი ლამის გველივით გასრიალდა. იქ მყოფთაგან ბევრი შეშინდა, დაცვის ბიჭები აიძაგრნენ, თამეხთან მოლაქლაქე ლიკას კი, ეგონა ყველაფერი ეგ ”თეატრალური სანახაობის” ნაწილიაო, ტაში შემოჰკრა. მაგრამ ახლა, მის ახლოს დაიქუხა რაღაცამ, პირდაპირ კედლიდან გამოვარდა მჭვარტლინი კვამლი და თამეხი და მისი ამალა ერთიანად ჩააშავა… დაბნეულმა დაცვამ სროლა ატეხა, ქალებმა შეიკივლეს, გუამ ლამის ჩაისვარა, მაგრამ მისმა ცოლმა ყველასდა გასაკვირად ბარიკადზე ავარდენილ ქალწულობაშემორჩენილ მეამბოხე გოგოსავით დაიწივლა:
-ბატონი თამეხი, ბატონი თამეხი გადაგვირჩინეთ!
უცებ, მის უკანალთან წაჩოქებულ გუას ფრენჩისმაგვარი ქურთუკის ჯიბიდან კუილის მაგვარი ხმა გაისმა და იმგვარი სიმყრალე ამოვიდა ინა გოტიკასაც კი უღალატა ნერვებმა და იკივლა:
-გაზი, გაზი გაუშვეს!
ჰოდა, ვინ საით გარბოდა ღმერთმა უწყის… თამეხი და მისი ამალა კინაღამ გადათელეს.
მაგრამ რომელიღაც თავგამოდებული რეპორტიორი, მაინც უშიშრად იღებდა ამ სენსაციური ინციდენტის ამსახველ კადრებს…
შენობის მოპირდაპირე მხარეს, ქალაქის ერთ-ერთ შემაღლებასთან მდებარე ქუჩაზე ამავალი ”ჯიპის” საჭესთან მჯომი ულუმბო ნიშნისმოგებით იღიმებოდა…
-დანარჩენს ტელევიზიით ვიხილავთ…-მხიარულად გადაულაპარაკა გვერდით მჯდომ საბედას.
-მგონი კარგად შევანძრიეთ…-აჰყვა საბედა.
-ჰო, შევალაყლაყეთ, დუჩმანელთან ერთად, დარწმუნებული ვარ ბატონი ჩვინგიც შეტოკდება, ის სიმყრალე კი ჩვენს ხელისუფალსაც მისწვდება…-ორაზროვნულად ჩაილაპარაკა ულუმბომ.
-ჩვინგი ვინღაა?
-დუჩმანელი ნედლეულის მიმწოდებელია… გენეტიკურ ბანკს ვინმე ჩვინგი განაგებს, როგორც მაცნობეს, აგერ ახლახან, ქალაქთან ახლოს, დაცულ ზონაში, ვითომდაც საცდელი სათბურების გასამართად ჰექტრობით მიწა შეუსყიდია. ისეთი ვილა წამოუჭიმავს, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია მასთან შედარებით ბავშვის გასართობ სათამაშო სახლად მოგეჩვენება…-ორაზროვნულად გაენდო იგი და ურჩია, ახლა კი აჯობებს ბებოს საფლავი მოვინახულოთ…
-კარგი იქნება…-დაემოწმა საბედა და სხეულში თავისებური შვებისმომგვრელი სითბო ჩაუდგა.
და უცებ ულუმბოს საყურეს მიაპყრო თვალი…
-რა ლამაზი საყურეა!..-ინტერესით შესძახა მან-აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე…
-ჰო…-გაეღიმა ულუმბოს, ასეთი შეუმჩნეველი მზეთუნახავი მყავს, განსაკუთრებით ეს მარჯვენა ყურზე, რომ მიკეთია, იმხელა გზა გადმოლახა, ჩემამდე, რომ მოეღწია, რომ…
-რა გზა, საზღვარგარეთიდან ჩამოგიტანეს?..
-ზესკნელიდან… მერე, როგორმე მოგიყვები, თვალებში თუ არ მიყურე, ისე არ დაიჯერებ…
შემდეგ ორივემ სიჩუმე ამჯობინა, საბედა გულში თავისებურად ლოცულობდა, ულუმბო კი, ძველისძველი სასაფლაოს იდუმალ გარემოზე ფიქრმა გაიტყუა…
სანამ მოდელიორისა თუ მკერავის პროფესიაში საბოლოოდ გაიწაფებოდა, იგი სასაფლაოს ძველისძველ მონაკვეთთან მიტმასნილ შენობაში მოფუთფუთე დაწესებულებაში, სარეკლამო სააგენტოში მსახურობდა. ფანჯარას მიჩერებული ახალგაზრდა ქალი ხშირად გრძნობდა, რომ ვიღაც თავისთან უხმობდა. ეს სრულებით არ აშინებდა, პირიქით, შინაგანად სასიამოვნო თრთოლვა მოიცავდა ხოლმე… თვალებით ცადაწვდილ კვიპარისებს ეალერსებოდა. მაგრამ, გზისპირას მდებარე საწესჩვეულებო კომბინატი, კუბოებისა და საფლავების ქვების დამამზადებელი საამქროებით, თითქოსდა იქაურობის ”სავიზიტო ბარათს”, რომ წარმოადგენდა, გუნებას უმღვრევდა… უცაბედად, სიკვდილის სუნს შეიგრძნობდა და წინაპრების საფლავზე გასვლის მოწადინეს უნებლიეთ აბრკოლებდა. ”ინდი-მინდი… ფრთა გაშალე, გადაფრინდი, გადმოფრინდი, გამომყევი, გამობრწყინდი, გამინათლე თვალთა ბინდი…” ფარული მონატრებით ჩაიმღერა ულუმბომ მის მიერ ”სარეკლამო უსტარის” თვითრეკლამად შერჩეული ფრაზა, რომელიც ცნობილი ხალხური ლექსის მიხედვით იყო შედგენილი. და ციდან თითქოს რაღაცამ ჩამოუმღერა: ”რეკლამა-უსტარი მძაფრი სიუჟეტით, მოგიძღვნი საყურეს ცელქი იუმორით…” რას ვბოდავარო იფიქრა, მაგრამ გაახსენდა, ახალ ნომერში საყურის რეკლამა, რომ ჰქონდა და ალბათ, იმ რეკლამის გამოძახილიაო დაასკვნა…
ზამთრის იმ დღეს სამსახურისკენ მიმავალ აღმართიან გზაზე მიაბიჯებდა, ავტობუსს აღარ დაელოდა, სურდა გზად გაზეთების ჯიხურში ”სარეკლამო უსტარის” ახალი ნომერი ეყიდა, სანამ სააგენტოში სტამბიდან მათთვის განკუთვნილ ეგზემპლიარებს მოიტანდნენ, იქამდე გული არ მოუთმენდა თავის მიერ შდგენილი გვერდები, რომ არ ენახა. განყოფილების ხუთი თანამშრომლიდან სამი გრიპის გამო ბიულეტენზე იყო და მთელი ოთხი გვერდის გაკეთება მხოლოდ მას მოუწია…
”ინდი-მინდი… ფრთა გაშალე, გადაფრინდი, გადმოფრინდი, გამომყევი, გამობრწყინდი, გამინათლე თვალთა ბინდი…”, ღიღინებდა ჩუმად.
მახლობელ ჯიხურში გაზეთი შეიძინა, იქაურობას გაეცალა, და როცა განმარტოვდა გაზეთი გაშალა. ”დაზღვევა მოქალაქეთა კეთილდღეობის ნიშნით…”, ამოიკითხა ერთგან. უცებ, სასაფლაოს მხრიდან მოვარდნილმა ნიავმა იმძლავრა, გაზეთი ხელებიდან გამოსტაცა, შეათამაშა და ზემოთ ტაატით წაიღო. ”სარეკლამო უსტარის” გაშლილი გვერდები კვლავაც ერთმანეთში იდო, მერე ისე გამოიბერა, თითქოს რაღაც იდუმალს აფრასავით მოერგო…
სახტად დარჩენილ ულუმბოს გული დაწყდა: ”რა იყო ეს, ეს რა იყო?!”, ჩაეკითხა საკუთარ თავს. ”დაზღვევა მოქალაქეთა კეთილდღეობის ნიშნით…”, ჩამოსცინა იდუმალმა ხმამ ზემოდან… ”რა შუაშია დაზღვევა, მე ხომ ყველაზე უფრო მარაოს, საყურისა და…”, მაგრამ იმავ დროს სააგენტოს მხატვრული საბჭოსთვის წარსადგენი საოჯახო ქონების ნებაყოფლობით დაზღვევის შესახებ გადასაღები ფილმის სცენარი მოაგონდა და სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს ჩარიგებულ, ერთურთს მიტმასნილ ქოხმახებს იჭვნეულად გახედა… ცისკენ გააპარა მზერა. შეამჩნია გაზეთი სასაფლაოს სიღრმეში აღმართულ კვიპაროსებთან ეშვებოდა. ატაცებულ ბავშვივით გაემართა იკითკენ. გაიქცა კიდეც. საფლავებს შორის დარჩენილ ვიწრო ბილიკზე გზის გაკვალვა გაუჭირდა, მაგრამ მაინც მარდად მიიწევდა წინ. გაზეთი წუთით თვალთა არეალიდან გაუჩინარდა, მერე ფრინველივით წამოფრინდა. ხის პაწია ტოტი გერბივით აკვროდა. უცებ ”სარეკლამო უსტარი” დაიგრაგნა, ნიავქარი ქარბობოლად იქცა, იმ გრაგნილში შემძვრალი ზეცისკენ უსარულოდ აისვეტა და გაზეთდან ერთად ცის სიღრმეში შეიმალა… ”მოჩვენებაა თუ რა?!”, გაიკვირვა განაწყენებულმა ულუმბომ, გზა მაინც გააგრძელა, იმის იმედით იქნებ გაზეთი მიწაზე ეგდოსო, მაგრამ მის ნასახსაც ვერ მიაკვლია… ”რამ ამამჩატა, მეყიდა ახალი, მე შენ გეტყვი და დილიდანვე დაიტაცებდნენ მთელ ტირაჟს თუ რა?!”, და ის იყო გამობრუნება დააპირა, მიხვდა სასაფალაოს ძველ ნაწილში შემოსულიყო, იქ სადაც მისი წინაპრების საფლავები იყო… ოღონდ, სულ სხვა მისთვის უცნობი მხრიდან შემოეღწია აქ…
საფლავებს ქვის დაბალი გალავანი ერტყა. შესასვლელს დაუწყო თვალებით ძებნა და შერცხვა, რადგან კარგა ხანი იყო, აქაურობა არ ენახა… გარშემო ძველისძველ საფლავებზე აღმართული კვიპაროსები, თითქოსდა შიშისმომგვრელ მდუმარებას მოეცვა. ულუმბო მექანიკურად დაიხარა და გალავნის კიდესთან ამოსულ სარეველა ბალახების ამოთხრა დაიწყო…
მალე ბებიამის პლუხერიას საფლავთან ამოსული წითლად აგიზგიზებული ნეკერჩხალი შეამჩნია, ნორჩი ლამაზი ვარჯი ჰქონდა და ქალს მზერა მოსიყვარულედ შემოანათა…
-რამხელა გაზრდილხარ, ადრე რატომ ვერ შეგამჩნიე…-ფოთლებზე ნაზად ჩამოუსვა ხელი-კარგია, კვიპაროსებმა, რომ არ დაგჩაგრეს…-დაიჩოქა,-იცი, უღრან ტყიდან გამოპარულს ჰგავხარ, ალბათ სხვაგვარი აზრები გაგაჩნდა და ვერ გიგუეს…-ხელისგული უფრო ძალუმად მიაჭდო ტანზე. იგრძნო სხეულში სანეტარო სიამემ დაუარა, ხის აურამ ვნებიანად მიუალერსა… წამით გაიტრუნა და ხის ტანში ჩაბუდებულ მათრობელა სითბოს მიეფიცხა.-შენ რა, მეარშიყები თუ რა…-სიცილი აუტყდა და ეამბორა. ”უცნაურია, ბევრ კაცს არ ექნება ამგვარი გამომწვევი აურა… ალბათ, მე ვარ ასეთი შექანებული…”, ზემოთ აიხედა და მის ერთ ტოტზე ოქროს საყურე შეამჩნია. ეცნაურა. ”ეს ხომ…”, წამოდგა, საყურე ტოტიდან მოხსანა, დააცქერდა. კი, ბებიამისის დანატოვარი საყურის ცალი იყო… ”ღმერთო ჩემო, ეგ ბებიაჩემის საყურეა, მეუბნებოდა, უღრან ტყეში დავკარგეო… ეს ხომ, ციმბირში, სადღაც მივარდნილ ადგილას მოხდა… გულდაწყვეტილი, მიყვებოდა, იმ ქარიან დღეს, უღრან ტყეში, ბაბუაშენთან ერთად, რომ გამოვრბოდით, მაშინ ჩემდა შეუმჩნევლად მომძვრაო, და იქ, სადაც ყურის ბიბილო ჰქონდა გახვრეტილი გაკვირვებული მოისვამდა ხელს…”.
შემორჩენილ საყურეს პლუხერია თილისმასავით გულზე ჩამოკიდული დაატარებდა… სიკვდილის წინ ულუმბოს ხელში ჩაუდო და უთხრა, როცა ამას, თავისი მეწყვილე მოაკითხავს, ყურებზე საიმედოდ გაიკეთე და არ მოიშორო, შენი თილისმა ეგ საყურეები იქნებაო…
ულუმბო სხავაგვარად დაიმუხტა, ნეკერჩხალს ფოთლები დაუკოცნა, ბებოს საფლავზე ილოცა … მერე ერთგან, მარმარილოზე გამოსახულ სანდომიანი ქალის სურათს ცნობისმოყვარედ შეაცქერდა, მისი კაბის მოყვანილობა თავისებურად ეცნო… ბებიამისის ნახელავი იყო…
სამარხებს შორის გამავალ ბილიკზე მიმავალს, წამით მოჩვენა, იქაურობა რაღაცით მიწაში ჩაძირულ ქალაქს ჰგავდა. გრანიტის ქვებზე, მხოლოდ გარდაცვლილთა სახელები და დაბადების წლები იყო ამოკვეთილი.
თვალებით ბებიამისის საფლავზე ამოკვეთილ ”ულუმბოს” ჩაეჭიდა და მიხვდა, რატომ აფრთხობდა აქ მოსვლა. და როცა გაათვითცნობიერა, რომ წარწერა ”ულუმბოს” ქვემოთ, მხოლოდ დაბადების წელი იყო აღნიშნული, სხვაგვარად ესიამოვნა, ღრმად ამოისუნთქა. ბებიამისის წინდახედულობამ გააოცა. ეს ქვები, მისივე სისცოცხეში, მისივე თაოსნობით იქნა დამზადებული და სამარხებზე აღმართული.
მერე თეთრ, მოქარგულ კაბაში შემოსილი ბებოს ხატებაც წამოელანდა, რომელსაც ლამაზად მოეღერებინა კისერი და შემაქცევრად უცქერდა. მის მზერას ბუნებრივად მიენდო და წამით კაშკაშა შუქში შეცურდა. იგრძნო ჰაეროვანმა ტალღამ მიუალერსა, თან სულში მაგიური სიტყვების გრძნება ჩაეღვარა. პირჯვარი გადაიწერა, დაიხარა და ბალახმოდებულ მიწას ეამბორა.
იქაურობა უშნოდ მოძალებული სარეველასგან გაწმინდა, საფლავის მიწას კიდევ რამდენჯერმე ეამბორა და იგრძნო ამ ადგილს სხვაგვარად გაუთამამდა. მალე საფლავების თვალიერებით გაერთო… ახლომახლო, ქვებზე ამოხატული ოცამდე ფოტოსურათი აღმოაჩინა, რომლებშიც ადამიანები ბებიამისის შეკერილ სამოსებში იყვნენ გადაღებულები, ერთი, ცნობილი ფილმის ეპიზოდი მოაგონდა და გაეღიმა; აი, ბებოს მოდელების გამოფენაც აქ ყოფილაო, მიამიტი ბავშვივით სიამაყე იგრძნო და გაახსენდა პლუხერიას ”ჯადოთითება ულუმბოდ”, რომ მოიხსენიებდნენ… იქვე, პაპამისის გახსენებას შეეცადა, მაგრამ ამქვეყნად თითქოსდა ამბოხებადმოვლენილი მაღალი, წარმოსადეგი კაცის ამსახველ ფრაგმენტს ვერაფრით მიაგნო მეხსიერებაში. ახლაღა იგრძნო, როცა ბავშვობაში ბებიამისი ესიყვარულებოდა, იგი საკატორღედ გამწესებულ იმ წვერმოშვებულ ჭაბუკს იხსენებდა, ვინაც ისე ძლიერ და ისე თავგანწირვით შეუყვარდა…
შინაგან მხურვალებსიგან გული შეუთამაშდა. საფლავის ქვასთან გამომკრთალმა მომხიბვლავი ქალის სახებამ, სიფრიფანა ფირფიტებისგან ნაკეთები უცნაური მარაოთი სახე დაუნიავა, და მიანიშნა, მადლიერი ვარ, როგორც იქნა, აქაურობას შემობედეო…
მის შემდეგ სასაფლაოს ხშირი სტუმარი იყო, კვიპაროსებში შეყუჟულ ნეკერჩხლისკენ გაუწევდა გული… მასთან ალერსში ღიმილით იგონებდა, ერთ-ერთ ჟურნალში წაკითხულ ისტორიას, რომლის მიხედვით ინდოეთის, რომელიღაც ტომის გაუთხოვარი ქალები, ქმრად ამა თუ იმ ხეს შეარჩევდნენ და მერე მთელი ცხოვრება მისი მოვლა-პატრონობით იოხებდნენ გულს…
ეგზოტიკური სექსი
”ველური მშვენიერება”, ანუ მაცთუნებლად მომხიბლელი აგენტი ლიკა, მოულოდნელი მარცხის გამო, ისე ხშირად იღიმებოდა, რომ თამეხ დუჩმანელი გაექილიკა;
-ეს რანაირი მედიტაციაა, თუ ჭკუასისუსტეში გადაიზარდა…
-ისე გამოდის, რომ მომხდარი ფაქტი სრულებით არ გაღელვებდეს…
-კი, მაგრამ ახლა შენ უფრო ამაღელვებელი ხარ, იმ კვალმა რაღაც სხვანაირად აღმაგზნო!-და მან, ისე რომ დაცვად შეგულებულ მძღოლისთვის ჩვეულებრისამებრ ყურადღება არ მიუქცევია, მართლაც, რომ გამომწვევად მიმზიდველი ხასა თავისკენ მიიზიდა…
ლიკას თითქოსდა უჩინარი, ველური ეშხით მოსვირინგებული სახე, მადისამღძვრელი ძუძუ-მკერდი, მდედერული ღირსებით სავსე გავა, შემალულად ფიცხი, შხვართი ფეხები, ყოველივე ამისთვის სასურველ აურას აღძრავდა…
ჰოდა, ამა თუ იმ ფილმში, თავისებური აქტივობით შემოთავაზებული სცენური სტერეოტიპის მსხვერპლად, რომ არ ვიქცეთ გაგიმხელთ, რომ ”ველურმა მშვენიერებამ” საგანგებოდ გაიპატიჟა:
-იმის შემდეგ, რაც შეგვემთხვა, როგორ შეგიძლია ამაზე ფიქრი…
-პირიქით, ეგეთი რამეები აღმაგზნებს…
-თამეხ, ჩემო სიცოცხლე, ეს ინციდენტი გამოსაკვლელვია…
-მოეშვი, შემთხვევითობაა…
-თუ გროტის დაშინება უნდოდათ, ჩვენს ვიზიტს რაზედ დაამთხვიეს?!
-მაგას უშიშროება მიხედავს, ხომ ნახე მინისტრმა, ბოდიშები მიხადა…
”არა, ეგრე არ გამოვა, ვიცი მე მაგათი ბოდიშები, შესაძლოა სულაც მაგათი მოწყობილია…”, გაიფიქრა ”ველურმა მშვენიერებამ”. მის საალერსოდ აღგზნებულ კაცთან კამათს, რომელიც სტრესის მოხსნას თავისებურად ცდილობდა, თავი აარიდა. იცოდა, თავის საიდუმლოს ვერ გაამხელდა.
შიგადაშიგ ხომ, საშინელებათა ფილმებიდან შეწოვილი ემოციები ავადმყოფურად აიტაცებდა ხოლმე… გუა კი, მისი დავალებით მოქმედებდა, გროტელი თავისებური შემოქმედებითი აზარტით უდგებოდა ამგვარ ”მისიას”. მსხვერპლად განწირულ კლიენტურას მზაკვრულად ”აკვალიანებდა” ულუმბოსთვის. მომავალი ექსპოზიციების არეალასაც ალღოიანად აფართოებდა…
”მე ჩემი ხალხი უნდა გავიჩინო…”, დაასკნა ქალმა. უმალვე გიზი მოაგონდა, ”ნომერს გავიგებ და დღესვე დავურეკავ, თანაც ნეტარჩიკის ამბავსაც გამოვკითხავ…”.
ახვნეშებულ თამეხს კი, ისე სხვათაშორის უთხრა:
-ხომ არ დაგავიწყდა, რაღაც ორ საათში მისტერ ჩვინგს ველოდებით…
-მასაც ვუმკურნალებთ…-თამეხი მისეულ ავხორცობაში გათქვეფას ლამობდა. ”ველურმა მშვენიერებამ” კვლავ მისტერ ჩვინგზე გადაუკრა:
-როგორ, სურვილი კი აქვს, მაგრამ… ვერ გამიგია შრატს რაზედ არ შეიშხაპუნებს… ერთი ინექცია წინამდებარე ჯირკვლებში და შენსავით ცელქ არშიყად გადაიქცევა…-წამოიკისკისა გადაწოლილმა ქალმა.
-აბორტის პროდუქციით დამზადებული შრატი აღარ აკმაყოფილებდა… ავადმყოფურად ექსპერიმენტების მოყვარულია და ახლა, რაღაც გამორჩეული სათესლე ჯირკვლები გადაინერგა… სექსუალურ გადამოწმებას საჭიროებს, ჰოდა, ფრთხილად იყავი, შესაძლოა ყვერები პერპედუმობილედ ექცეს…-მხარი აუბა თამეხმა. უფრო გაშმაგებით მიეძალა და სამოსის შემოხევა დაუწყო.
ქალი თითქოს უძალიანდებოდა, მაგრამ ფიქრით გიზისთან შეხვედრის გეგმას აწყობდა…
მერე მისტერ ჩვინგთან პაემანიც შედგა…
ნაჩქარევად დაბანილი, დავარცხნილი, თვალებამოღებილი, სუნამოშეფრქვეული და პიკანტურად შემოსილი ლამაზმანი ლიკა, მართლაც ამართლებდა, თავის ზედმეტ სახელს ”ველურ მშვენიერებას”…
მისტერ ჩვინგი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, მთელი რიგი აკადემიების, ჰუმანიტარული გაერთიანებების საპატიო დოქტორი, სასურველი ქალის გამოჩენას, რომელიც გამორჩეულად აღაგზნებდა, მოუთმენლად ელოდა…
საძინებელ ოთახში შესულს, პირდაპირ თეძოებზე მოეხვია, ცხვირ-პირი მის ბაყვებში შერგო და მხეცივით ყნოსვა დაუწყო…
-ერიჰაა…-ჩაილაპარაკა სათვალთვალო ეკრანთან მდგომმა ნახევრადშიშველმა თამეხმა, და ვნებიანად აკისკისებული ლიკას აღგზნებულ სახეს, რომ შეავლო თვალი, იჭვნეულად გააგრძელა,-ნეტა, რა გადაინერგა ასეთი…-გენეტიკურ ლაბორატორიაში მიღებულ ესენციაზე დამზადებული მკვებავი კრემი მკერდთან საგულდაგულოდ შეიზილა…
მისტერ ჩვინგი კი, მეზობელ ოთახში შიშისმომგვრელ სასაწაულებს ჩადიოდა, ”ველური მშვენიერება” მონუსხულივით მორჩილებდა, თავისებურ ექსტაზში შეწყვილებული, ფარულად, თითქოსდა ფრინველთა, ცხოველთა, მცენარეთა სამყაროს ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის დამახსაიათებელ სექსუალურ მოძრაობებს იმეორებდა… ეკრანს შეჩერებული თამეხი აზარტულად იზელდა კრემს და გაოცებული ფიქრობდა: ”რა გადაინერგა ასეთი?!”
სხვათაშორის, ეს თავად ჩვინგმაც არ იცოდა, გენოინჟინერიის საფუძველზე გამოყვანილი სათესლე ჯირკვლები, სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა და ერთგან, რომ მთავრდებოდა, მეორეგან იწყებოდა…
მერე ქალს დაღლა დაეტყო, თითქოს ძალაც გამოელია, მაგრამ მონუსხული მაინც ყოველნაირად ცდილობდა კაცს ალერსში აჰყოლოდა… თამეხი გამოერკვა, ”თუ არ შვაფხიზლე, უეჭველად მიასიკვდილებს ამ ბოზს…”, დაასკვნა და ”შოკთიშით” შეიარაღებულმა კედელში შემალულ ღილაკს თითი დააჭირა. საიდუმლო კარი ჩუმად გამოაღო…
მალე ”შოკთიშით” გაბრუებულ წყვილი ერთმანეთის ყნოსვას, ლოკვასა და მიდებ-მოდებას, როგორც იქნა შეეშვა. რამდენიმე წუთით ორთავემ მიიძინა… თამეხი კი, მომავალ მოგებაზე ფიქრმა შეიპყრო….
”ას შემომტანს ერთმა გამტანმა აჯობაო”, ეს ანდაზა მიახლოებითაც ვერ ასახავდა მის მტაცებლურ ბუნებას… ” გენეტიკური ლაბორატორია და საწარმოები უნდა გაფართოვდეს… კამა-სუტრას ინტერპრეტაციები მიმიქარავს… ეს იქნება სექსუალური ტკბობის წრებუნვა… მოხუცების არმიებს საამქვეყნოდ შემოვაბრუნებ, გამოვუშვებ, მინიატურულ სექსჩიპებს, რომლებიც პაციენტებს სასქესო ორგანოებთან ჩაედგმება, კომპიუტერილ ცენტრში ყოველი ჩიპის მონაცემი დაფიქსირდება და მიდი, ნარკომანიასაც გავნდევნი, სამაგიეროდ…”
მისავათებულმა ”ველურმა მშვენიერებამ” უცაბედად თვალი გაახილა და ჩვინგის ასალოკად წაიწია. თამეხმა ხელი მკლავში წაავლო, წამოაყენა და სწრაფად გაიყვანა ოთახიდან.
-გონს მოეგე, ეგ ექსპერიმენტი წირავს გამოგიყვანს… ჩვინგი უნდა დავაშოშმინო, თორემ…-იგი ოთახში შებრუნდა და ჯერ კიდევ გაბრუებულ ჩვინგს, რომელიც ინსტიქტურად მეწყვილე ქალს, ხელის ცეცებით ეძებდა, ზედიზედ შეახო ”შოკთიში”.
-ქალის ასე გადამბით ლოკვის ხალისი, იქნებ, როგორმე წაგერთვას…-ჩაიცინა,-ბიზნესმენისთვის მეტისმეტი ტემპერამენტი დამღუპველია…
”ველური მშვენიერება” სააბაზონსკენ ძლივს მილასლასებდა…
”რა მიქნა ამ გიჟმა, არადა, ხუთზე გიზის უნდა შევხვდე, რაღაც უნდა მივიღო, თორემ…”. მიუხედავად იმისა, იმგვარი პერპედუმმობილური სექსისგან არაქათი აღარ ჰქონდა, სურდა, რომ გიზი ძველებურად მოეხიბლა…
სიმგიტარა
-აი, ნახე, რას წერენ!..-წიგნების თაროსთან შეყოვნებულ საბედას ხელში საეკლესიო სამედიცინო კალენდრის კრებული ეჭირა,- ზოგიერთ აღფრთოვენებულ მკვლევარს მიაჩნია, რომ დროა ვიზრუნოთ ადამიანის ისეთი ჯიშის გამოყვანაზე, რომელსაც ექნება ძლიერი თათები, ჩქარი რეაქცია, რადიაციის ამტანობა ანუ იქნება უემოციო და ჭკვიანი… ასეთი არსებები ადამიანების სამსახურში ჩადგებიან, გაიგზავნებიან ყველაზე საშიშ ადგილებში… სხვები უკვე მუშაობენ ადამიანის გენეტიკური ტყუპისცალის _ ”კლონის” _ შექმნაზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მსხვერპლად შეეწიროს თავის ”უფრიოს ძმას”, თუ მას ამა თუ იმ ორგანოს გადანერგვა დაჭირდა; ამ მიზნით უნდა შეიქმნას გენეტიკურად იდენტური არსება… შენარჩუნდეს გენეტიკური ერთგვარობა, ერთიანობა, იდენტურობა… საჭირო და სასურველი ხარისხობრივი მაჩვენებლებით… ამ შემთხვევაში ”კლონი-დონორის” და ”ტყუპისცალი-პაციენტის” ქსოვილოვანი შეთავსებულობის პარამეტრებით ადამიანი, რომელიც ქმნის კლონირების ტექნოლოგიას, ქმნის ადამიანს სიყვარულის გარეშე თავისი მომხმარებლური მიზნებისათვის… არა ღვთის, არამედ თავის ”ხატად” და მსგავსად”. ”ტყუპისცალი” ენმსახურება უღმერთო ადამიანის ”ხორციელ სურვილებს” შექმნას კეთილმოწყობილი გარემო, და გაიხანგრძლივოს ამქვეყნიური სიცოცხლე…-ნამალევი მღელვარებით ჩაიკითხა საბედამ და მეგობარს გამომწვევად შეაცქრდა.
ულუმბოს კეთილად გაეღიმა…
-ჰო, ამეების შესახებ, უამრავი რამეა ინტერნეტში, მაგრამ ჩვენს თაღლითებს, არ მგონია კრეიგ ვეტნერისა და ფრანსის კოლინზის მსგავსად ამგვარი ევოლუციური პროცესები აინტერესებდეს… ამათ ახალი ცოცხალი ორგანიზმის შექმნა კი არადა, გენეტიკური ნედლეულის საყოფაცხოვრებო მიზნით წარმოება უფრო აინტერესებთ… სუროგატი დედისა არ იყოს… -ნაჩქარევად განუმარტა მან, და როგორც კი, საბედას გაოგნებული მზერა დაიჭირა მობოდიშა,-მაპატიე, არეულად ვლაპარაკობ, რაღაც სხვა მინდოდა მეთქვა და ინერციით წამოვროშე.
-არა, ნუ მებოდიშები, მსგავსი აზრები მეც მომდის თავში…-და უხერხულობა, რომ განემუხტა, თავისებურად იხუმრა,-ბებიაშენის საფლავთან, რომ ვარ დაჩოქილი, ფარულად ვგრძნობ ჩემში ასტრგენის მატებას…
-მე კი ტესტოსტერონისა!-თითქოს ვალში არ დარჩა ულუმბო,-მომხიბლელად მიუახლოვდა და მეგობრულად მოეხვია.-შენი არ ვიცი და მე უნდა ვიჭყუმპალავო, ცოტას განვიმუხტები, შეგიძლია, შენც შემომიერთდე, ჩვენს ვანაში ყველაფერი წყვილზეა გათვლილი…-და როცა მის თვალებში საეჭვო მზერა დააიჭირა გაეხუმრა,-ნუ შეშინდები, ჯერ მაინც ქალური ჰორმონები ჭარბობს ჩემში… ნეტარი ჩემი სიმბოლური მარადიული ფავორიტია, ზოგჯერ, როცა ძალიან მომენატრება, მასთან ერთად ერთიან ბიოველში ვერთიადები, ვლაღდები, თითქოს ერთ სუნთქვად ვიქცევით, ერთი გულისძგერა გვაქვს, ერთიანი სისხლმოქცევა… აქეთ ბებიაჩემის სული მეხმარება, ინტერნეტმედიტაციაც… ინგლუსურენოვან საიტზე, ერთი გასაგიჟებელი ექსტრასენია, სიყვარულის მარადიულ პროცესზე წრებრუნვას მიხერხებს… ჩემთან ეს ყოველგვარი მძუნაობისა და მისთანების გარეშე ხდება, ჩვეული მიწიერი ვნებით გატაცებული ამას ნაკლებად გაიგებს, ასე მგონია ასტრალურ მედ გარდავისახები… ასე რომ ნეტარი ჩემი მარადიული, სიმბოლური პარტნიორია… მგონი შეგაშინე, არეულად ვლაპარაკობ, მერე შესაძლოა უფრო გასაგებად აგიხსნა… ახლა, უმჯობესია განვიტვირთოთ… -იგი გამომწვევად იღიმებოდა…
-კი, ვიბანაოთ…-მხიარულად მიუგო მან,-იმ უცნაური ექსტრასენისა არ ვიცი, მაგრამ შენი ბებოს სული, მგონი მართლაც მშველის, რაღაც სასიკეთო ხდება ჩემში, ჯერ ვერ გავრკვეულვარ…
ფანჯრებს, შემოდგომის მზე მოსდგომოდა, იქვე ხის ტოტებზე ჩიტუნებს გაჰქონდათ ჟივჟივი
-ეს მერე ავღნიშნოთ…-და იგი სააბაზონოსკენ წავიდა.
-ასე მგონია, რომ აქ დაშვებულ ბუმბულის სახლში მოვხვდი…-იხუმრა საბედამ, როცა შიშველ ტანზე მოსხმული ხალათი გაიძრო და ლამაზად გამართულ სააბაზანოში შევიდა.
-ნახე, რა ლამაზი ტანი გაქვს… ნაჭრილობევი კი, თითქმის არც გამჩნევია… მართლაც მომხიბლელი ხარ, ცოდოა ასეთი სხეული მოუფერებლად გაცდეს…-ტეტრი, ტეტრი, ტეტრი, სავსე, სავსე, სავსე…-და მკერდზე თბილად გადაუსვა ხელი… წამით ალერსიანი მზერა შეაგებეს ერთურთს,-ჩემთან, ატელიეში ქალები მრავლად მოდიან, მაგრამ შენდამი პირველ წუთებიდანვე განსაკუთრებული სითბო ვიგრძენი…
-შენ, რომ არ შემხვედროდი, არ ვიცი რა მეშველებოდა!-გამოუტყდა საბედა.
მერე მოგონებებით გაერთნენ, და არც კი გაუგიათ, როგორ შემოიპარა ბინაში ჯინსის შარვალითა და ქურთუკით შემოსილი ნიღბოსანი კაცი, რომელმაც ცოტა ხნით აბაზანაში მყოფი ქალების საუბარს მიუგდო ყური. ეტყობოდა იმედი ჰქონდა მისთვის სასურველ ცნობას მოკრავდა ყურს… მერე ნერვებმა უმტყუნეს, შეიგინა, ერთი თქვენიცო, კარს დაეძგერა, აბაზანაში შემოვარდნილმა შეჰყვირა:
-ფოტოაპარატი, ფოტოაპარატი დააბრუნე, სწრაფად!
ულუმბო, რომელიც საბედას ზურგს საპნით აქაფებული ღრუბელით ბანდა, თითქოსდა მშვიდად შემობრუნდა. ღრუბლიანი ხელი ყაჩაღს სახეში მძლავრად სთხლიშა და წააქცია.
-გაეთრიე აქედან, შე პირუტყვო!..
ეს, ისე სწრაფად მოხდა, რომ მომხდურმა ქალების მშვენიერებაც კი ვერ აღიქვა. კარში გაშხლართული უგონოდ ეგდო. საბედას თავისდა გასაკვირად არც კი შეუკივლია, ხალათი სწრაფად მოისხა, გაშხლართულ მამაკაცთან დავარდნილი იარაღი სწრაფად აიღო, მასავით ხალათით შემოსილ დაქალს თამამდ შესცინა, გაუღიმა:
-მოხიბლული ვარ! აბა, ამას რა ეგონა…
-ვიცი, ვინც იქნება…-მასპინძელმა ყაჩაღს შავი ნაჭრის ნიღაბი ააღლიტა და როცა თავის ვარაუდის სისწორეში დარწმუნდა კაცს სახეზე დააფურთხა,-როგორ გაბედე შე დამპალო…-კაცი გონს მოეგო, დაფეთებულმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ ქალმა მიანიშნა არ გაბედოო, მ გადაბრუდიო უბრძანა და მარჯვედ გაკოჭა.
კაცმა რაღაც ამოილუღლუღა და დაემორჩილა.
-უბრალოდ, შეშინება მინდოდა, უბრალოდ შეშინება მინდოდა, გუშინწინ ქენონი, რომ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე…-თავის მართლება დაიწყო მან.
-საიდან შემოდი?!-ულუმბომ ყავის ნარჩენი დაასხა თავზე.
-ატელიეს გამავალ კარიდან… ძალიან ფინაჩური საკეტი აყენია და ცდუნებას ვერ გავუძელი, არ დამღუპო ული, არ დამღუპო, ვიფიქრე, ერთ ათას დოლარს გავაკეთებ მეთქი…
-ვა, რა საინტერესოა, შენ ყოფილი პოლიციელი არ ხარ?! ჰო, სიმგიტარა…
-ჰო, ჰო, ეგ აფხაზეთში, რომ ვიბრძოდი, მაშინ შემარქვეს, სიმებდაწყვეტილი გიტარა ვიპოვე და…-საღერღელი აეშალა დატყვევებულს…
-და, პაგანინივით ერთ სიმზე უკრავდი… ახლა კი, ნეტარის ოჯახზე დააპირე ფულის გაკეთება… შენს მეტი ვერვინ მოძებნა იმ გაქუცულმა გროტმა…
ნეტარის ხსენებაზე სიმგიტარა გვარიანად დაფრთხა.
-აქ არის თუ რა?!-იკითხა შეპარვით.
-რა მნიშვნელობა აქვს სად არის, შენისთანებს დედამიწის ყველა კუთხიდან მოსწვდება, დამთვარდა შენი ოინბაზობა…
-არა ული, არა…-შეემუდარა იგი, და ქალმა იგრძნო, რომ ერთ დროს ამ გამაიმუნებულ კაცსაც უყვარდა. შესაძლოა, ახლაც არ განელებოდა ეს გრძნობა…
-კარგი ყველაფერს მოყვები…-ულუმბომ საბედას ანიშნა სამოსი გამოვიცვალოთო და მასთან ერთად მეზობელ ოთახში გავიდა,-მერე გამოსძახა,-შენ გააგრძელე, თუ არ იცუღლუტებ და გულახდილი იქნები, იქნებ მთლად არ გაგწიროთ…
-ჰო, პოლიციიდანც გამომაგდეს, გროტთან კერძო დაცვაში ჩემი ძმაკაცი მუშაობს… ჰოდა, გუა გამირიგდა თუ ფოტოაპარატს ამოიღებ, ათას დოლარს მოგცემ თან შემდგომ ტურებშიც ჩაგრთავო… ჩუმად კი მოვჩხრიკე აქაურობა, მაგრამ აპარატი ვერ ვიპოვე, ვიფიქრე ცოტას შევაშინებ და…
-ოო, შე ღორო, თან ჩვენი ტიტლიკანა სხეულების ყურებითაც გინდოდა დამტკბარიყავი, მაგრამ ისეთი გხეთქე, მგონი ყველა კადრი ამოგივარდა მაგ დამპალი თავიდან…
და ქალებმა ნიშნისმოგებით გაიცინეს…
-ჰო, ჰო, ძალიან მარჯვედ გამისწორდი… ბევრი გამიგია შენზე, ალბათ გახსოვარ…
-კი მახსოვხარ, შე ნაბიჭვარო, მე რომ მეეცხრეში ვიყავი, შენ მესამეში დასუნსულებდი და ტუალეტში შესულ გოგოებს ჩუმად, რომ უჭყიტინებოდი, მაშინ გამოგიჭირეს…
-არა, ეგ შემთხვევით მოხდა, ნიძლავი მქონდა დადებული…
-ჰო, ვიცი ტრუსიკების ფერებს ადგენდი, მაგრამ ახლა, ეს არ მაინტერესებს… გააგრძელე…
-სულ ეს იყო…
-ის თქვი, რა ტურებში ჩართვას შეგპირდა, ჩემს ატელიესთან რა ზრახვები გქონდათ?
-არაფერი, დედაჩემის სულს გეფიცები… გროტმა, ხენდრო ხეიძესთან ერთად ტურისტულ სააგენტო ჩამოყალიბა. სტალინის და ბერიას ისტორიულ ნაკვალევზე ტურების მოწყობას აპირებს… ჰოდა, შემპირდა მენეჯერად აგიყვანო…-თითქოსადა თავმომწონედ ამცნო მან.
-რა, რა?!..-სიცილი აუტყდა ულუმბოს ცნობისმოყვარედ შეჩერებულ საბედას შესჩივლა,- გადამრევს ეს ხალხი, ხენდრო ხეიძეს ხომ მსოფლიო ჰუმანისტ რეჟისორად იცნობს?!
-ჰო, ჰო… რუსეთში დიდ პატივს სცემენ…-იმედი მიეცა გაკოჭილ სიმგიტარს… ული, შემიწყვე ხელი, ჩიპი მაინც მომეცი, შენ რა დაგიშავდება, ფოტოები, კომპიუტერში ხომ მაინც შეყვანილი გყავს… ვალში არ დაგრჩები, რასაც დამავალებ…-წამოატლიკინა მან.
-ის კიდევ მესმის, რუსეთში კომუნისტები ეკლესიას ბელადის წმინდანად შერაცხვას, რომ სთხოვენ… ამათ რა ეშმაკი შეუჯდათ, თანაც, როგორც ვიცი, ოცდაჩვიტმეტში მამამისი დახვრიტეს…-განაგრძნო ქალმა.
-დაიცა…-უჩურჩულა საბედამ,-გესმის ჩიპი მაინც მომეციო, ესე იგი, იმ ჩიპზე, ისეთი ფარული კადრებიცაა, ჩვეულებრივად, რომ არ იხსნება…
ულუმბო გაირინდა.
-რაღაცას კი მიგრძნობდა გული…-ფიქრმიდევნებით წარმოთქვა მერე და გაკოჭილს გასძახა,-მაინც, რაო, რა გითხრა, რა სურათებია ასეთი ზედ?
-არაფერი ისეთი, მომავალი გამოფენისთვის აგროვებდა…-ნაჩქარევად მიუგო ნაცემმა-ცოტა უცნაური კაცია, მეც ვერ გამიგია რაში იხდის ათას დოლარს…
-კი, ეგ აპარატი უფრო მეტიც ღირს, კინოსაც იღებს… კარგი, აპარატს გაგატან, მაგრამ ჩიპს…
-არა, არა! აპარატი თუ გინდა დაიტოვეთ, მე ჩიპი მომეცით, გამაფრთხილა ჩიპი შეიძლება კომპიუტერის კარტრიდერში იყოს და იქ მოძებნეო…-ალალად გაენდო შეწყალების მომლოდინე. არც კი შეუმჩნევია სპორტულად შემოსილი ქალები უკვე მის ზურგს უკან რომ იდგნენ… ულუმბოს ხელში მოდაზე შეკერილი მამაკაცის კოსტიუმი ეჭირა.
-ნუ მევაჭრები, აქედან ცოცხალი თუ გახვალ, მადლობა შემომწირე!-ისე მკაცრად შესძახა, რომ საუბრით განებივრებული სიმგიტარა უცებ დაფრთხა და თითქოსდა ეულ სიმივით წამოიკვნესა…-ხომ არ გინდა, გიზის დავურეკო…-გააფრთხილა ქალმა.
-არა, არა, ნუ გამამხელ, ჰო კარგი, ერთი იმ გროტისაც, ძველ უბნელებს, მაგ ნაბიჭვარის გამო როგორ ვაწყენინებ…
-კეთილი, ზუსტად მაგ უბნელობის გამო შეგიწყალებ…-დაამშვიდა კისერმოღრეცილი, აი, ამ კოსტიუმსაც გჩუქნი, კლიენტმა არ მოაკითხა და შემომრჩა, ოღონდ არ გაყიდო, გამუდმებით უნდა გეცვას, იქნებ კაცობა შეგემატოს… იმედია, არც იმ შენს ძმაკაცსა და გუას მოუყვები ამ შენი გათახსირების შესახებ,-გააფრთხილა და დაარიგა,-უბრალოდ, ვეცადე, მაგრამ ვერ ვიპოვე თქო, აქ ყოფნის ნიშნად კი აი, ნეტარის ნაქონი ბრელოკი წაიღე, გროტელს მომავალი ექსპოზიციისთვის გამოადგება …-და შეგულებული ნივთი კოსტიუმის ჯიბეში ჩადო.
-რას ამბობ ული, ტანიდან არ მოვიცილებ…-თვალები დააჭყიტა ქალის სილამაზით მოხიბლულმა,-ოღონდ შენ ხელები გამიხსენი.
-ყველაფერი ისეა, ერთ დროს, საქართველოს დედოფალი თავხედ ელჩს მტკიცე უარით, მაგრამ საჩუქრით, რომ გაისტუმრებდა…-სევდანარევი ღიმილით წარმოთქვა პისტოლეტმომარჯვებულმა საბედამ.
მერე ულუმბოს მიერ განთავისუფლებულ ხელმოცარულ ყაჩაღს, რომელმაც მასპინძლის მითითებით ჯინსის ქურთუკი გაიძრო და კოსტიმი ჩაიცვა, შენაძენი ნიშნისმოგებით მიულოცა.
-რა ხანია კოსტიუმი არ მცმია…-გამოუტყდა სიმგიტარა.
-ჰოდა, დღეიდან, როგორც შემპირდი ტანიდან არ მოიცილებ…-თითქოს დაუყვავა,--თანაც ძალიან გიხდება, ახლა კი, გამეცალე და ამ სახლს ახლოს არ გაეკარო თუ დამჭირდი მე თავად გიპოვი. კოსტიუმი, რომ არ გაგიფუჭდეს საიდანაც შემოძვერი, იქედან არ გაგისტუმრებ, ჯენტლემენივით შემოსასვლელიდან გადი…-და უცებ მკვახედ შესძახა,-სწრაფად, თორემ ავქოთდით შენი სიფათის ყურებით!..
გაგრძელება>ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
****
****
****
****
****
****
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
****
****
0 коммент.:
Отправить комментарий