ამ რომანს ქართული საზოგადოება
აუცილებლად უნდა გაეცნოს…
პროფესიონალი ლიტერატორისა
და მთარგმნელის შენიშვნა
მაგრამ ჟურნალ ”ცისკარმა”
ეს
რომანი
არ დაბეჭდა.
როგორც მაცნობეს ”სუყველამ” დაიწუნა, ”რაღაც ისეთიაო…”
...
ავტორი
8.09..2011
ბუმბულის სახლი
რომანი
საბედისწერო შენაძენი
მომხიბვლელმა ქალიშვილმა ბუმბულის ბოლო სახლიც გაყიდა. ვერ ჰგუობდა ნალოლიავებ ნაკეთობებს, რომ შეელია, და თავისებურ სუვენირებად გაასაღა. მაგრამ რა ექნა, თითქმის ყოველ წამს ღრნიდა იმის შეგრძნება, რომ გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა…
ნავაჭრი ფული გადათვალა.
-კიდევ როდის გამოიტანთ?- ჩაესმა ვიღაც ქალის ხმა.
შეცბუნებულმა მხრები აიჩეჩა.
-გამოიტანეთ, გამოიტანეთ! ჩემს შვილიშვილს ბუმბულის სათამაშო კი არა, რკინისა არ უძლებს, ადვილად მოუღო ბოლო და ახლა ახალს მთხოვს…-ღიმილით აუწყა.
საბედას სუნთქვა შეეკრა, პირი იბრუნა: ”ნეტა რომელი იყო?..” გაიფიქრა გულმოკლულმა. ლამის ატირებულიყო. შეეცადა ყურადღება რაიმე ყოფითზე გადაეტანა და უნებლიეთ მზერა ბაზრის შესასვლელთან დაყუდებულ მხარბეჭიან, სუფთად გაპარსულ კაცს მიაპყრო, რომელიც ხელზე გადაფენილ ქალის კაბა-კოსტიუმს თავისებური ჟესტიკულაციით სთავაზობდა.
კაცმაც უმალ დაიჭირა მისი გამოხედვა.
-ზუსტად შენს ტანზეა შკერილი, ისე მოგიხდება, ისე მოგიხდება, ისე, რომ აუცილებლად ბედსა გწევს… უბრალო არ გეგონოს, ევროპელი მოდელიორის ნახელავია, ერთ ჩემს ახლობელს საჩუქრად გამოუგზავნეს, პატარა მოუვიდა, ხომ გაგიგია მილიონრების ამბავი…
საბედამ მილონრების შესახებ ბევრი არც არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც ორაზროვნულად გაიღიმა…-სულ ორმოცდაათად ვყიდი, არ იფიქრო დოლარად, ჩვენს მშობლიურ ლარზე გთავაზობ…-უცნობი დაუზარებლად ლაპარაკობდა.
დაბნეული საბედა კაბა-კოსტიუმს მისჩერებოდა. მერე, კაცის, თითქოსდა ჩაჟანგებულ თითებს შეავლო თვალი. გაიფიქრა გადამყიდველს მართლაც არ უნდა ჰგავდესო… მტკივნეულად შეიგრძნო, რომ პალტოს შიგნით გახუნებული კაბა და ძველი სვიტრი ეცვა. არადა, საცა იყო გამოიდარებდა, მათრობელა მზე გამოყინულ ბინებში შეყუჟულ ადამიანებს ნანატრ შვებას მოჰგვრიდა. მას კი, ის ადარდებდა, რომ თბილი ამინდების დადგომის მერე პალტოთი ბინიდან ვეღარ გამოვიდოდა.
კაბა-კოსტიუმი გულდასმით შეათვალიერა.
-შეეხე, ხელით შეეხე, ნახე რა ქსოვილია, თუ გინდა მოიზომე კიდეც…-კაცმა კაბა-კოსტიუმი ხან ერთი მხრიდან მიუშვირა, ხან მეორედან. გულმოდგინედ ირჯებოდა…
საბედამ თითებით ფრთხილად მოსინჯა ტანსაცმელი. იგრძნო, რომ კარგად მოერგებოდა. ქსოვილიც სასიამოვნო შეგრძნებას აღუძრავდა. თუმც, მაინც შეყოყმანდა. ჯიბეში სულ ორმოცი ლარი ედო. კაცი თითქოს მიუხვდა…
-ხუთ ლარს კიდევ დავუკლებ შენი ხათრით…-თანაგრძნობა შემოაპარა ხმაში.
საბედას არაფერი უთქვამს, კაბა-კოსტიუმი ნაჩქარევად მიიზომა და როცა დარწმუნდა მართლაც მისი ტანის ზომისა იყო, იმის შიშით არ გადავიფიქროო, ჯიბიდან ნავაჭრი ფული ამოიღო, კაცს ”ჩაჟანგებულ” ხელში შეაჩეჩა.
-ხუთიც დამიკელი…-გაუპირდა და ტანსაცმელი ჩანთაში ფრთხილად ჩადო.
-ბედნიერებაში ატარე!..-უშნოდ გაიღრიჭა კაცი და ხალხს შეერია.
”შესამოსი, მფრინავი სახლების სანაცვლოდ…” ფიქრობდა შინისკენ მიმავალი ქალი, ნეტა ამ ქსოვილსაც შეეძლოს ფრენა, ჩავიცვადი, დავიქნევდი ხელებს მანამ ვიფრენდი, სანამ უგზო-უკვლოდ დაკარგულ რაიბულს არ მივაგნებდი…”
უცნაური მიწვევა
საბედა პროფესიით მხაზველი გახლდათ, ხატვაც ეხერხებოდა, ლექსებსაც წერდა, მაგრამ მისი გამორჩეული გატაცება სხვადასხვა ფრინველთა ბუმბულისგან პაწია, უცნაური სახლების კეთება იყო…
მაღალი შენობის სახურავის ქვეშ მდებარე, ერთ დროს მეგობრად და ”მეურვედ” მოვლენილი მხატვრის სახელოსნო, ახლა მის საცხოვრებელს წარმოადგენდა… ”ჩიტის ბუდე”, როგორც იგი თავის ბინას ეძახდა ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ რაიბულს ეკუთვნოდა… საბედა თექვსმეტიოდე წლისა იყო, რომ დაობლდა… მერე და მერე მის თვალწინ ხშირად გაიელვებდა იმ საზარელი წამების კადრები, როცა ეზოში, სასაუბროდ შეკრებილ მის ახლობლებს, პირდაპირ თვაზე დაეცათ ზღვის სანაპიროდან გამოსროლილი ჭურვი და ყველანი ერთიანად ამოხოცა. თავად კი, სახლში, წერილის გამოსატანად შებრუნებული, შემთხვევით გადარჩა. წერილი,საბავშვო ჟურნალის მეშვეობით გაცნობილი თბილისელი მხატვრის მიერ იყო გამოგზავნილი. შემდგომ, მშობლიური მხარიდან ლტოლვილი, იმ მხატვრის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა.
რაიბული ათიოდე წლით გახლდათ მასზე უფროსი. შიგადაშიგ ლიტერატურულ ჟურნალებთან თანამშრომლობდა და ამა თუ იმ ნაწარმოებებს ასურათხატებდა. საბედას საბავშვო ლექსების ილუსტრირებაც მას მოუწია. გოგონას ისე მოეწონა მისი ნახატები, რომ სამადლობელი წერილი მისწერა. მერე სხვაგვარი ინტერესი გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ და რომ არა ის ომი, ალბათ იქორწინებდნენ კიდეც… მაგრამ დაობლებული რაიბულმა გულალად შეიფარა, თავისებური მეურვეობა გაუწია, მერე კი, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ თანამემამულეებს შეუერთდა… ორიოდე წერილის გამოგზავნა მოასწრო და ორიოდე თანამებრძოლთან დაზვერაზე წასული უკან აღარ დაბრუნებულა… ქალი თავგამოდებით ეძებდა, ფული დააგროვა და კომპიუტერი შეიძინა, მოახერხა და ინტერნეტში ჩაერთო, მაგრამ ვერც მის კვალს და ვერც მის შესახებ ამბავის მომტანს ვერ მიაგნო…
ბოლოს, თავისებურმა მისტიციზმა შეიპყრო… ზოგჯერ, როცა შესაფერი ნიავი დაიქროლებდა ბუმბულისგან ნაკეთებ სხვაგვარად შეგულებულ პაწია სახლს აივნიდან ააფრენდა… მაშინაც კი, როცა ნიავის ქროლვა თითქოს არ იგრძნობოდა, საბედას გრძნეულ ხელს მოწყვეტილი ბუმბულის ნაკეთობა, მაინც აედევნებოდა ჰაერის უხილავ ნაკადს და ფრენა-ფრენით ცის გუმბათს გაჰყვებოდა… ლამის გასაფრენად მოზიდული, ჭოგრიტმომარჯვებული ქალი ლოცვისმიერი სუნთქვით მიაცილებდა. სჯეროდა უცხო მხარეს გადახვეწილი ბუმბულის სახლი ”მისტიური გუმანით” შეარჩევდა მომხიბლავ სამოსახლოს, იქვე დაეშვებოდა და ბინადრად შეგულებული რაიბულის მოლოდინში, ჩვეული თვალისთვის უჩინარი ხდებოდა…
ეული, დროდადრო ბუბულის სახლებს, როგორც ცოცხალ არსებებს ისე ესაუბრებოდა. თავის ხვაშიადს უმხელდა და ოცნებაში ზოგჯერ იმასაც ახერხებდა, რომელიმე მათგანის დიასახლისად ეგრძნო თავი…
შენაძენით გახალისებული, ახლაც ამგვარი ფიქრით ერთობოდა; საგულდაგულოდ შემონახულ ბუმბულის სახლში გადიასახლისებულს, თითქოს გვერდით მყოფმა რაიბულმა სიყვარულით შესჩურჩულა: ”ეგ არეულობა რომ არა, ცად აფრენილი ბუმბულის სახლების მარშუტებს დავადგენდით და ვითარც ზღაპარში ისე ვიმოგზაურებდით…”
მერე სარკესთან შეყოვნდა და კმაყოფილებით ჩაიჩურჩულა:
-მართლაც ჩემს ტანზეა შეკერილი, ამაში მაინც გამიღიმა ფორტუნამ… ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, უფრო აქტიური უნდა გავხდე და გავხალისდე…-გადწყვიტა უნებლიეთ და უცებ წლობით შემონახული, თაროზე შემოდებული, რაიბულის ნანადირევ ხოხობის ბუმბულებიდან გაკეთებულ სახლს გაუშტერა მზერა.
მამალი ხოხობის ბუმბულიდან დამზადებული ნაკეთობა, ჩამავალი მზის სხივებში მონავარდე, ქარის მომლოდინე უცნაურ ხომალდს ჰგავდა. უცებ, თაროსთან გაბედულად მივიდა, ”სახლი-ხომალდი” ხელში აიღო, ჰაეროვნად ეამბორა, მერე აივანზე გავიდა, იმის იმედით, იქნებ მისი მეშვეობით ბედს ვეწიოო. ნაკეთობა მათრობელა სურნელის ნიავს დაუმგზავრა. ჭოგრიტის გამოსატანად აღარც შებრუნებულა, ოცნებას მიენდო და გაირინდა. თითები კოსტიუმის გარეთა ჯიბეში ჩააცურა. მოულოდნელად სავიზიტო ბარათის მაგვარი თხელი მუყაო ამოიღო.
”გეპატიჟებით ბიზნეს-კლუბში. შეხვედრის დრო 29, დრო 18ს. არ დაიზაროთ, იყავით თამამი, ამბიციური და წარმატებაც არ დააყოვნებს…”, ეწერა ზედ ნაბეჭდი ასოებით.
”ალბათ, რომელიმე ახალ სატელევიზიო შოუზე მოსაწვევი ვიზიტკაა…”, გულუბრყვილოდ გაიფიქრა მან. უმალ გაახსენდა, რომ ის დღე, ზუსტად ოცდაცხრა რიცხვით თარიღდებოდა. ექვსს საათს ოცდახუთი წუთი აკლდა… არც შეყოყმანებულა, გარეგნობა ნაჩქარევად მოიკოხტავა, ხელში სათუთად გადანახული რაიბულის ნაჩუქარი ტყავის ჩანთა დაიჭირა. ბინიდან ახალი საინტერესო ცხოვრების დაწყების სურვილით მოსილი გავიდა.
კვლავ მოეჩვენა, მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ვიღაც ჟინიანადუთვალთვალებდა. გონებაში, რატომღაც ინტერნეტში მასთან საარშიყოდ”მოზიდული” უცნობი გაახსენდა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაუჩქარა.
”ბიზნეს-კლუბის” ადგილსამყოფელს ადვილად მიაკვლია. გაუბედავად შეათვალიერა თვალშისაცემად ჩაცმული წყვილები და კაფე-ბარში შესვლა დააპირა. მაგრამ ამ დროს ,მის ახლოს შოკოლადისფერი მანქანა გაჩერდა, რომლის საჭესთან ექსტრავაგანტურად ჩაცმული წამიერად დამატყვევებელი სილამაზის, მომნუსხველი ახალგაზრდა ქალი იჯდა. შემპარავი ღიმილით გარშემო მყოფთ, თითქოსდა ორაზროვნულად მიანიშნებდა, რომ მათთან შედარებით, რაღაც იდუმალი უპირატესობა ჰქონდა. საბედაც ავტომობილში იმავე ღიმილით მიიპატიჟა. შემკრთალი საბედა არ შეყოვნებულა. ცდილობდა თამამდ მოქცეულიყო, რათა თავიდანვე სასურველი რეპუტაცია მოეპოვებინა.
-მგონი, ცოტათი დაიგვიანე, მაგრამ არ გსაყვედურობთ, რაც არ უნდა იყოს ბედის რჩეული ხარ. მართლაც მშვენივრად გამოიყურები… ეს საპრიზო კაბა-კოსტიუმი რომ არა, გამიჭირდებოდა შენი ცნობა… შენ რომ შემოგვიერთდი გვარიანი დაბანგული გახლდით და კარგად ვერც კი შეგათვალიერე…
-ბოდიში, მაგრამ ვერ ვხდები რას ამბობთ?!-გაოცებული შეაჩერდა საბედა.
-მაშ, არც შენ გახსოვარ, მით უკეთესი, მთავარი ისაა, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ! ფული ჩვენი ეპოქის კერპია! -გამომწვევად წაიკეკლუცა მან.
საბედა არ ჩაძიებია, კი მაგრამ თქვენ ვინ ხართო... თუმც, დარწმუნებული გახლდათ ამ ქალს ადრე არ შეხვედროდა. ცდილობდა, ”სავარაუდო შოუსთვის” თამამი ყოფილიყო და მღელვარება არ დამჩნეოდა. უცნობი კი, მანქანას თამამად მიაქროლებდა.
-ამგვარი შანსი მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ, ჩვენი კონსონანსი, მე ასე ვეძახი ჩვენი საბლატაოს კომერციულ გაერთიანებას, გამომწვევ ყურადღებას უთმობს დონორის გარეგნულ მომხიბვლელობას… თავდაპირველად, მეც ასე დავიწყე, დედობის ხიბლი არც არასოდეს მატყვევებდა…-თავისებური ექსტაზით წარმოთქვა მან, თითი ბრჭყვიალა ღილაკს დაჰკრა და უცებ, თითქოს მისივე გარეგნობის შესაფერი, გამომწვევი მუსიკა ”აგრიალდა”…
-ბოდიში, თქვენს თანამშრომლებს გათხოვება ეკრძალებათ?!-სითამამე წაერთვა შეცბუნებულ ქალიშვილს.
-კი ბატონო, გათხოვდით, თუგინდ საყვარელიც გაიჩინეთ… დატკბით თავისუფლებით, პრობლემაც მოგეხსნებათ, მენსტრუაცია აღარ შეგაწუხებთ, და მონატრებულსაც აღარ გააწბილებთ…-ირონიულად ჩაიცინა.
-ვერ გავიგე, რას ამბობთ, რას კადრულობთ, რა ლაპარაკია?!-დარცხვენილ და დაბნეულ ქალიშვილს ენა დაება.
-მიზანშეწონილი…-აკისკისდა იგი,-როცა კვერცხუჯრედს ამოგკვეთენ, თვიურს გამოემშვიდობე… მაგრამ შეგეძლება იმით იამაყო, რომ კონსონანსის გენეტიკურ ლაბორატორიაში შენი საკვერცხეები დედა ფუტკრის ფუნქციას შეიძენს… მომწიფებულ კვერცხუჯრედებს კი დიდი შემოსავლის მოტანა შეეძლებათ… იქიდან ერთი პროცენტიც, რომ გერგოს…-თანამგზავრის ”დასაგესლად” აღგზნებულმა წამით რაღაც უცნაურად შეიწივლა…
-თქვენ გიჟი ხართ, გააჩერეთ მანქანა!-საბედამ ახლაღა შეამჩნია ავტომობილი ქალაქის განაპირას ფერდობზე ამავალ გზას მიუყვებოდა.
-ისტერიკები არ იყოს, გარიგება შედგა, ლაბორატორია შენს საკვერცხეებს ელოდება, იქნებ გენეტიკური ბანკის რჩეულიც კი გახდეს…-ორაზროვნულად შეუყვირა მან და ხელი ისე მარჯვედ და მაცდურად დაჰკრა ყელთან, რომ იმავე წამს გონება დააკარგვინა.
საეჭვო ”კოლექციონერი”
ნანატრი “GREEN CARD”-ის მაძიებელი პამპულა ავტოსახელოსნოს მაგვარ ფარდულთან მდებარე ჯიხურში კომპიუტერის ეკრანთან ერთობოდა… მომავალი კლიენტის გამოჩენამდე ”სკაიპში” ვიღაც ქალთან ლაყბობით აქავებულ ხუშტურს იფხანდა… შიგადაშიგ, შიგნეულობიდან ვნებიანი კრუსუნის მსგავს ხმებს გამოსცემდა… და ვერც შეამჩნია თუ როგორ მიუახლოვდა ქუჩის განაპირას მომავალი ქალი, მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ორაზროვნულად რომ ჩაეცურებინა ხელი. ფარდულში, რომ ვერვინ დაინახა, ჯიხურისკენ გაემართა და უშნოდ აღტყინებულ პამპულას უჩუმრად მიადგა. ორიოდ წუთს ფრთხილად შესცქეროდა, მერე კი თავისთვის ჩაილაპარაკა:
-უყურე ამ არაკაცს…
პამპულამ რაღაც იგრძნო, სანახევროდ შემოტრიალდა და მოსულს თავისებურად გაუპირდა:
-ორი წუთი მადროვე და მოგხედავ…
-დრო არ ითმენს!-მკვახედ უთხრა ქალმა,-შემოაბრუნე ეგ გაზინთული თეძო!
შეფხიზლებულმა პამპულამ სკამი მოაბრუნა და ქალს ალმაცერად შეხედა, მაგრამ უცებ თითქოს გონს მოეგო:
-შეენ?! რა იყო, ტანზე მშვენივრად გადგას, ისეთი მოხდენილი ხაარ!
-ერთხელ კიდევ, იმიტომაც ჩავიცვი, რომ ადვილად გეცნე…-ცივად მიუგო ქალმა,-ტყუილად, რომ არ მოვცდე წინასწარ გაფრთხილებ, მორიგი ლეგენდა არ მინდა, ეგ ტანსაცმელი ვროპიდან გამოგზავნილი კი არა, სადღაც აქაა შეკერილი, ვის ეკუთვნოდა და შენს ხელში, საიდან მოხვდა?..
-ლამაზო…-გაიღრიჯა წამომდგარი კაცი და ჩაჟანგებული ხელი შეათამაშა,-მე ვიფიქრე მადლობის სათქმელად მოვიდა მეთქი…-და ხმის კილოს დამცინავად მოუქცია, ჩაგიცვამს, გალამაზებულხარ, გიტარებია და ახლა…
-მე არ მეთამაშება,-საბედამ ჩანთიდან პისტოლეტი ამოიღო და მარჯვედ დაუმიზნა,-ჩქარა ამოშაქრე, თორემ დასაკარგი არაფერი მაქვს…
-რამ გადაგრია ქალო, მერე რა მოხდა, ჰო, რა ვიცი, იქნებ აქაა შეკერილი…-ამოიხრიალა მან და აშკარად დაეტყო, რომ გვარიანად შეშინდა,-ერთ, შენსავით ლამაზ ქალს საბურავი გამოვუცვალე…
-მანქანის მარკა და ნომერი?-ქალი ისე იყო მოზიდული, რომ ადვილად შესამჩნევი იყო ცოტაოდენი მიზეზი და ამ ქვეყანას ბერბიჭად შემორჩენილ პამპულას ტყვიას დაახლიდა.
-შოკოლადისფერი აუდი, ნომერზე არც შემიხედია, მგონი კაიფში იყო, უცნაურად ლაპარაკობდა, მერე ლურჯ პარკში ჩადებული ეს კაბა-კოსტიუმი მომიგდო, ერთ საღამოზე ლატარიაში მოვიგე, შენი იყოს, ვინმე კარგ გოგოს აჩუქე და გაუმართლებსო… მე არც დავფიქრებულვარ, ფული მჭირდებოდა და ბაზრისკენ გამოვქანდი, აქ იშვიათად თუ შემოივლის ვინმე, მაგრამ რა ვქნა, მამაჩემის დანატოვარ ორსართულიან სახლიდან მარტო ეს ფარდული დამრჩა და აქაურობას ვერ ვეშვები…-და შიშნაჭამს საღერღელი სხვანაირად აეშალა, არ მინდა მე, ეს საბლატაო ქართველობა, არც აქ ვაპირებ დარჩენას, აგერ გრინქარდს ველოდები, წავალ და…
-ეგ არ მაინტერესებს, ამ კოსტიუმის ჯიბეში, რომ ვიზიტკა იდო იმის რა იცი?..-საბედამ პისტოლეტი ჩანთაში ჩააცურა და იქიდან გამომწვევად მიუშვირა.
-რა ვიზიტკა, ჯიბეები არც გამისინჯავს, ხომ გითხარი ფული მჭირდებოდა და პირდაპირ ბაზარში გამოვექანე… რა, მოხდა რამე?!
საბედას იმის გახსენება ზარავდა, რაც თავს გადახდა…
-ეგ შენი საქმე არ არის, ვისი შეკერილია, ის მაინც თუ იცი?
-მე რა ვიცი, ისე მაგარი მკერავი უნდა იყოს, ისე გიხდება,რომ…
-ჰოდა, ვინაა ეგ მაგარი მკერავი?
პამპულა დაიბნა, მერე უცებ თავი მოიწონა.
-ჩემს ბიჭობაში შალო იყო, მთელი ქალაქი მაგასთან დადიოდა, საქმე ვეღარ აუდიოდა, ახლა მეორად ტანსაცმლს ყიდის, ამბობს, ქვეყანა გამოდელიორდა, გუშინდელმა ღლაპებმა ისეთი ატელიები დახსნეს ჩაცმული შეხვალ და გარეთ ნახევრადტიტველი გამოხვალო… აღარ შეუძლია და იმიჯს ინარჩუნებს… -ხუმრობა სცადა კაცმა…
-ეგ, ღლაპების შეკერილი არ ჩანს…-ჩაილაპარაკა საბედამ,-დეიდამისის ნახელავი კაბები გაახსენდა და უცებ სასიკეთო იჭვი გაუკრთა,-შალოს მისამართი მითხარი…-და პისტოლეტიანი ჩანთა წინ წამოსწია.
-არ გაგივარდეს თუ ქალი ხარ გრინქ არდს ველოდები… ბებერი შალოს მიგნებას რა უნდა, აგერ, ხიდთან ვაჭრობს, ვისაც არ უნდა კითხო, მიგასწავლის…
-კარგი, თუ რამე დამიმალე არ შეგრჩება…-საბედამ გამაფრთხილებელი მზერა შეავლო, ქუჩაში მსწრაფლ გავიდა და შორიახლო მდგომ ტაქსისკენ გასწია.
უკვე ერთი კვირა იყო გასული იმ ავისმომასწავებელი დღიდან. გონს რომ მოვიდა. სახლთან ახლოს მდებარე პატარა სკვერში იჯდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს აქ შესასვენებლად შემოსულს ჩასთვლიმა და მალევე გაეღვიძა. უნებლეთ კოსტიუმის ჯიბეში ჩაიყო ხელი და შიგ პატარა, ასდოლარიანებით გამოტენილი კონვერტი აღმოაჩინა. შეამცივნა და სხეულში სიცარიელე იგრძნო. შიშით ჩაატარა მზერა მკერდს ქვემოთ, მერე სწრაფად წამოდგა, ბინისკენ წავიდა. იმედწართმეული ხავსს ეჭიდებოდა, იქნებ ყოველივე სიზმრშად ვიხილეო, მაგრამ შინ მისულმა, როცა მოშიშვლებული სხეულს სარკეში თვალი შეავლო და ნაჭრილობევი იხილა, იქვე ჩაიკეცა…
მერე იყო მტანჯველი სასოწარკვეთა, ექიმთან მისვლა არც უფიქრია, შინ გამოიკეტა და ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა, არც სტუმრად მოსულ დაქალებისთვის გაუღია კარი, ბოლოს მუცლის არეში საშინელმა ტკივილმა წამოუარა, ერთხანს მდუმარედ ითმენდა, მერე ტკივილგამაყუჩებლები მიიღო, რაიბულის დანატოვარი პისტოლეტი მოძებნა, თავი მოიწესრიგა და შურისძიების გრძნობით აღვსილი ”ბიზნეს-კლუბში”, იმ ქალის მოსაძებნად გაემართა… მაგრამ იქ ამგვარი პიროვნების მნახველი ვერც ვერავინ იპოვა და მალე ის თითებჩაჟანგებული კაცი გაახსენდა. უკვე გრძნობდა, რომ შინაგანად, თითქოს სხვა ვინმე ქალად ქცეულიყო; მზად იყო მტერი გაენადგურებინა.
ყოფილმა სახელოვანმა მკერავმა შალომ მისი თხოვნა ხალისიანად მიიღო.
-პოლიციიდან ბრძანდებით?-ჰკითხა მხიარულად.
-არა, დეტექტივობანას ვთამაშობთ…-დააინტრიგა საბედამ.
-ეგ პლუხერიას ნახელავსა ჰგავს, მაგან იცოდა ვიტიჩკების ასე დაყენება, მის შვილიშვილს ულუმბოს, თავისივე სახლთან ატელიე აქვს გახსნილი, გეცოდინებათ, აგერ ხიდის იმ ბოლოში, ოც ნომერში ცხოვრობს… მართლაც ჯადოთვალა და ჯადოხელება იყო, კლიენტს ზომებს არც კი უღებდა, ერთს შეხედავდა და ნაჭერს, ისე მარიფათიანად გამოჭრიდა, რომ პრიმერკაზეც არ იბარებდა…-მოგონებამ გაიტაცა მოხუცი.
ქალმა მადლობა გადაუხადა, ხიდის ბოლოსკენ გაუჩქარა. სახელი ულუმბო საეჭვოდ ეჩვენა, თან სიტყვა ”ჯადო”-ს ხსენებამაც სხვაგვარად დააფიქრა. ჩემი ასე გაწირვა, მართალაც ნაეშმაკარს ჰგავსო, გაუჯდა იჭვი…
ძველისძველი აგურით ნაშენებ ორსართულიანი სახლის კედელზე მიმაგრებულ აბრას შორიდან მოჰკრა თვალი და ჩანთაში იარაღი თითებით მოსინჯა. მაგრამ ულუმბო ატელიეში არ დახვდა. მკერავ ქალბატონთაგან ერთ-ერთმა ურჩია, ხვალ მოდით, დილიდან აქ იქნებაო… საბედამ აუცილებელი საქმის გამო მისი სასწრაფოდ ნახვის სურვილი გამოთქვა, ჯერ ულუმბოს მობილურის ნომერი გაიგო, მერე ის, რომ ქალი ვერცხლისფერი ”ჯიპით” შორიახლო მდებარე სასაფლაოსკენ წასულიყო, ბებიამისის საფლავის მოსანახულებლად. თითქოს, რაღაც ენიშნა, ატელიედან სწრაფად გამოვიდა და ტაქსი გააჩერა. მერე მობილურით ქალთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო… მალე, სასაფლოს მისადგომთნ მდგარ ვერცხლისფერ ”ჯიპს” გადააწყდა. ტაქსიდან გადმოსული არც დაფიქრებულა, ისე მიაშურა ქუჩის მხრიდან სასასფლაოზე ამავალ ვიწრო ქვის კიბეს.
საამო, მზიანი ამინდი იდგა, აი ისეთი, გაზაფხულის მეკვლედ, რომ შეიგულებს თბილ ქვეყნებიდან გადმოსაფრენად შემზადებული თავნება მერცხალი…
საბედამ კიბის საფეხურები ნაჩქარევად აიარა, პირჯვარი გადაიწერა, საფლავის ქვები კრძალვით შეათვალიერა და იქაურობა მიმოათვალიერა. გარშემო, თითქოს არავინ იყო, მერე სასაფლაოს აღმოსავლეთ მხარეს ქალის ფიგურა შენიშნა და შემართული გაქანდა მისკენ. ნაჩქარეევად მიიკვლევდა გზას ჯებირებს შუა და როცა რომელიღაც საფლავთან გარინდულ ქალს მიუახლოვდა, ნაბიჯი შეანელა. ფრთხილად მიუახლოვდა წითლად მოგიზგიზე ნეკერჩხალთან მდებარე საფლავთან გარინდულ, მისკენ ზურგშექცევით მდგომ ახალგაზრდა ქალს. მოეჩვენა იგი იდუმალებით იყო მოცული და წამით შეყოვნდა. ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, რომ ქალი თავად შეეხმიანა:
-მოხვედი, მადლობა ღმერთს, შენც რომ არ აპირებ დამალვას…-გეგონებოდათ სამარხის ქვის გავლით გაისმა მისი ხმა. მერე ნელა შემობრუნდა და საბედას თბილად შეხედა.
შესახედავად ეშხიანი გარეგნობისა გახლდათ. მეტყველი ნაზი და ამასთანავე ფარული სიმკაცრით მოსილი სახე ჰქონდა. ლურჯი თვალები, რაღაცით ლურჯად აფერადებულ სურნელოვან ყვავილებს მიუგავდა. მომრგვალებულ თავს ქერა კულულები უმშვენებდნენ. დახვეწილი აღნაგობა, ფარული სიმკვირცხლით სავსე ძუძუ-მკერდის წყალობით ყმაწვილური სინორჩით შემოსვოდა…
შურისძიების წადილით შეპყრობილი საბედა ქალს კიდევ უფრო დააკვირდა…
-ჰო, თითქოს შენს ტანზე შემიკერია, ვიღაც ძალზე მზაკვრულად მეთამაშება, ეს კაბა-კოსტიუმი ვინმე გიულიმ შემიკვეთა, თითქმის შენი აღნაგობისა იყო, შეკვეთის წასაღებად კი, ვიღაც კაცი მოვიდა, გიული სასწრაფოდ საზღვარგარეთ გაემგზავრაო და…
-პამპულა?!-წამოცდა საბედას.
-შეიძლება, მე გიულის ბიძა ვარო მითხრა, ჩემი დისშვილი საზღვარგარეთ სასაწრაფოდ გაფრინდა და შეკვეთის გამოტანა მთხოვაო, ფული გადმომცა და… რაღაც ეჭვმა კი გამკრა, მაგრამ, გამზადებულ შეკვეთას მე რაზედ დავიტოვებდი. მერე, სიზმარში, საოპერაციო მაგიდაზე გიხილე და მივხვდი, რომ…-მის მზერაში თანაგრძნობა იგრძნობოდა,-ვიღაც ძალიან ბოროტად მეთამაშება… შენ, უკვე მეექვსე ქალი ხარ, ვინაც ჩემს ატელიეში შეკერილი ტანსაცმლით შემოსილი დაზარალდა… მაგრამ დღემდე შენს გარდა ჩემთან არვინ მოსულა, იმ ექვსიდან ორი, ამ სასაფლაოზე ასვენია და საფლავის ქვებზე ის სურათებია გამოხატული…
საბედას მის უკან მდებარე საფლავის ქვისკენ გაექცა მზერა…
-არა, ეს ჩემი ბებოს საფლავია, ხშირად ამოვდივარ აქ და მისი სულის გამოხმობას ვახერხებ, შენს შეცნობაშიც იგი დამეხმარა… გთხოვ მომენდე, გეფიცები, ვიპოვი იმ არამზადას და სასტიკად დავსჯი…-ქალმა უცებ სამხრეთით მიიხედა,-აი, ისიც, ეს კაცი თავისებური კურიერი უნდა იყოს, ვფიქრობ ახალდასაფლავებულ მსხვერპლის საფლავს სურათს გადაუღებს, გთხოვ მომენდე… მოდი, ჩავიმუხლოთ, სასურველია არ დავაფრთხოთ, მერე კი მივყვეთ…-ხელი გაუწვდინა.
-იმ დაწყევლილ კონსონანსთან და ბანდიტ ქალთან რა საერთო გაქვთ?-იჭვნეულად იკითხა საბედამ და შეამჩნია, რომ წითლად მოელვარე ნეკერჩხალი თავისებურად მომხიბვლელი და იდუმალი იყო.
-არ ვიცი, ვისზე მელაპარაკები, მაგრამ მერწმუნე, უპირველესად იგი ჩემი მტერია... ცხადია, ვიღაცას ჩემი ცოცხლად დასამარება სწადია…-უჩურჩულა მან და თითქოს მოუბოდიშა,- ამაზე მერე…
მას კი, ცის სიღრმისკენ აჭრილი ბუმბულის სახლი გაუკრთა თვალწინ და თანამოსაუბრეში თანამოზრე შეიცნო, მის ნებას დაჰყვა. მერე შორიახლო საფლავებს შორის მელურად გაცუნცულებულ კაცისკენ გააპარა მზერა.
იგი ქლესურად მხრებმოწურული, ორმოციოდე წლის ტანმორჩილი კაცი გახლდათ. მაგრამ ოციოდე წლის ბიჭის შესაფერად მორთულიყო და გეგონებოდათ კაცობაშემოლეული ბიჭ-ბუჭურ იერს საკოპწიაოდ ინარჩუნებდა. ბუნჩულა სახე ცბიერად უღიმოდა და ზონარით ხელის მაჯაზე გამობმულ ფოტოაპარატს შემპარავად იმარჯვებდა.
-აი, ნახე, ათიოდე დღის წინათ დასაფლავებული ცხედარის საფლავის ქვას მიაჩერდა, იმ ქვაზე ჩემს ატელიეში შეკერილ კაბა-კოსტიუმით შემოსილი ქალიშვილია გამოსახული-წაიჩურჩულა ულუმბომ,-ლამაზი გოგო იყო, მაჩქარებდა, ერთ საოცნებო საღამოზე მიმიპატიჟეს და მინდა ლამაზად გამოვიყურებოდეო, მერე კი ავტოავარიაში მოხვდა და… ნახე, ზედიზედ რამდენიმე კადრი გადაიღო, ახლა კი დროა… შენ არ შეშინდე, ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო, სწრაფად წამოდგა და წასასვლელდ შემზადებული უცნობისკენ გაქანდა.
საფლავის კიდესთან მუხლებზე დაჩოქილი საბედა, თავისებურ, გამანკურნებელ სიმშვიდეს მოიცვა. წამოდგომაც არ სურდა… ნეკერჩხლის სიახლოვე საამო სურნელით ავსებდა. მერე შეფხიზლდა, სწრაფად წამოდგა და ულუმბოს იარაღმომარჯვებული მიჰყვა.
ულუმბო საფლავის ქვის ფოტოგრაფირებით გართულ კაცს მარჯვედ წამოეპარა, პისტოლეტი კეფაზე მიაბჯინა და ნიშნის მოგებით უთხრა:
-როგორ ბედავ, ეს ხომ კერძო საკუთრებაა!
ის კი წუთით გაშეშდა, მერე შემობრუნება სცადა…
-რა ხდება? დაცვა ხაართ?! თუ ასეა, ფოტოგამოფენისთვის მასალებს ვაგროვებ, ადრე არავის აუკრძალია…-გაუბედავად ამოიხრიალა მერე.
-გუა, შე ნაბიჭვარო, ვისი დავალებით მოქმედებ?-ქალმა პისტოლეტის ლულა უფრო მჭიდროდ მიაბჯინა.
-გაგიჟდით!-გამბედაობა მოიკრიბა მან,-მე ხომ კერძო კოლექციონერი ვარ, მომავალი ექსპოზიციისათვის საფლავის ქვებზე გამოსახულ მომხიბვლელი ადამიანების სურათებს ვაგროვებ, მომაშორეთ იარაღი და საბუთებს წარმოგიდგენთ, ცნობილი ფოტოკორესპოდენტი გუა გროტი გახლავართ…
ულუმბომ წამით უკან მიიხედა და მეზობელი საფლავის ქვის დაბალ მოაჯირზე შემდგარი პისტოლეტმომარჯვებული საბედა, რომ დაინახა ნიშნისმოგებით გაეღიმა.
-მე კი დავუშვებ, მაგრამ ჩემმა მეწყვილებ შეიძლება გაუფრთხილებლად გაისროლოს…-მარცხენა ხელით კაცს საფლავის ქვისკენ წაუბიძგა, აბა შემობრუნდი და ამ ლამაზ ქალიშვილს შეხედე, იქნებ რაიმე გეცნობოს და მისი გადაღებაც მოგინდეს…-მიადევნა თან.
სახებუნჩულა და მაინც გაქუცული იერის კაცი შემობრუნდა, ულუმბოს შიშნარევად შეაჩერდა. მერე საბედასაც შეავლო თვალი. მისკენ მომარჯვებულ იარაღზე უფრო, თითქოს მისმა სამოსმა დააფრთხო…
ულუმბომ რაღაც იეჭვა, ორიოდ ნაბიჯი გადადგა, მისწვდა და ფოტოაპარატი ხელიდან წაგლიჯა.
-რას შვრები!-შესძახა დამფრთხალმა, მერე ულუმბსკენ გამოქანდა და ქენონის მარკის ფოტოაპარატის დაბრუნებას შეეცადა.
საბედას ნერვებმა უმტყუნეს, და მისი ფეხების მიმართულებით გაისროლა. შიშნაჭამი” კოლექციონერი” გვერდზე გახტა.
-მკლაავთ?! თქვენი!-შესძახა და სამხრეთისკენ თავგანწირვით გაიქცა.
-არ გაგვექცეს!-აღგზნებული საბედა გამოდევნებას აპირებდა.
-არ გინდა!-ვიცი ვინცაა, ერთად ვმუშაობდით სააგენტოში… უფრო სწორად ეგ ნაბიჭვარი ჩვენს სააგენტოსთან თანამშრომლობდა…-დაამშვიდა თანამზრახველმა,-დანარჩენ ინფორმაციას კი ქენონის ჩიპი მოგვითხრობს…
-პოლიციაში, რომ მივიდეს…
--რწმუნებული ჩემი კლიენტია, ეს პისტოლეტი კი მეგობარი პოლკოვნიკის სამახსოვროა, ასე რომ… ახლა ის აჯობებს ჩემთან წავიდეთ, დავსხდეთ და წყნარად ვისაუბროთ…-პისტოლეტი შარვლის ჯიბეში მარჯვედ გადამალა და საბედას მიანიშნა, მშვიდად, კიდევ არ გაისროლოო…
და საცალფეხო ბილიკით მანქანისკენ წაუძღვა.
”თითქმის გულზე მომეშვა…”, გაიფიქრა საბედამ და ბებო პლუხერიას საფლავისკენ მადლიერების გამომხატველი მზერა გააპარა…
ცხარე საწებელი
ულუმბოს ცხარე საწებლის დარად უყვარდა ცნობისწადილის ამღვძრელი, ვითომდაც უმანკო სულის მაცთუნებელი ფიქრის გაღვივება. გამორჩეულ სახელსაც იმგვარი წადილით იმშვენებდა და მოსახელე დიდედის იდუმალ წარმომავლობასაც საფერი ჯადოქალობით შესტრფოდა.
პაპამისს, ამქვეყნად, თავისებურად ამბოხადმოვლენილ კაცს კატორღისკენ მიმავალ გზაზე, ერთგან, ბადრაგთან შეთამამებული უცნაური გოგონას წყალობით გაქცევა მოეხერხებინა, და ციმბირის მიუვალ სოფელში თავშესაფარიც გაეჩინა… გოგონას პლუხერია ერქვა. მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ სამშობლოსკენ გულგამოწეულმა ”ნაკატორღალმა” მოფერების ნიშნად ულუმბოდ მონათლა. დედამისი ეკატერინე ხომ, თავისი მშობლიური მხარის სახელს, სადაც, ოდესღაც ასურელი მამა მიქაელ ულუმბოელი მოღვაწეობდა, მუდამ სიყვარულით იხსენებდა. ახალ გარემოსთან გაშინაურების მოსურნე პლუხერიამ შერქმეული სახელი, უცხო სუნელის სახელთან გააიგიავა და მალე, მისეული განწყობის სიმბოლოდ, პაწია ბოსტანში ცისფრად აყვავილებული ულუმბოც ხარობდა… (მასაც ხომ ცისფერი თვალები ჰქონდა). თუმც, წამოჩიტულ შვილიშვილს ამ სახელის სხვაგვარი განმარტება უფრო იზიდავდა და თუ ჩაეკითხებოდნენ ამაყად განმარტავდა: ულუმბო ხომ ოლიმპოს ანუ ღმერთთა სამყოფელს ნიშნავსო…
ბავშვობიდანვე გარეგნობით და საქციელით გამორჩეული გახლდათ, უფრო მეტად ბიჭებთან მეგობრობდა. როცა გათხოვდა, თაყვანისმცემლებიდან ორი მათგანი ეჭვიანობის კვალობაზე წაკინკლავდნენ და ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. თუმც, მის რჩეულს, მასავით გამორჩეული გარეგნობისა და ხასიათის მქონე ნეტარს ორივე ერთგულებას ეფიცებოდა.
დაქორწინებულები, მალე ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ… მძაფრი თავგადასავლების მოყვარულმა ნეტარმა ყოფილი საბჭოეთის საზღვრებს, როგორც კი გააღწია, უმალ სხვადასხვაგვარ ავანტიურაში ჩათრეული აღმოჩნდა… სხვაგვარ ამბებში გამოიქექა თუ გამოიწვრთნა და ახლა იდუმალებით მოცულ ”ავტორიტეტად” ითვლებოდა; ”კანონიერი ქურდისა” ან ”მოაგანგსტერო ტიპის” იმიჯს არ იჩემებდა, მაგრამ კრიმინალურ გარჩევებში, ხშირად მედიატორის ”მისია” ჰქონდა მიკუთვნებული…
ულუმბოსაც ხიბლავდა ავანტიურისტული თავგადასავლები, მაგრამ თავისი პაწია გოგონას მიტოვება გაუჭირდა. ერთ დროს, ბებოსგან ჭრა-კერვაში დახელოვნებული,სააგენტოს გაუქმების შემდეგ, მოდელების ჩაცმის სტილმა გაიტაცა. სამკერვალოც გახსნა და ცნობილი სახეების მარაქაში გაერია.
მერე მისმა ქალიშვილმა მამის ”მონატრება” მოიმიზეზა; სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გასწია. მალე, ერთი ცნობილი უნივესიტეტის სტუდენტი გახდა და როგორც მისი სატელეფონო საუბრებიდან ჩანდა თაყვანისმცემლები მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ, ხალისიანად ცხოვრობდა…
ულუმბოს ეს შიგადაშიგ, ნამალევად აღიზიანებდა. მაგრამ მიტოვებულად ნამდვილად არ გრძნობდა თავს. ბევრი მამაკაცი შესტრფოდა; უმეტესად ნამალევად, რადგან ნეტარის რიდი ჯერ კიდევ შერჩენოდათ. იყო წუთები, როცა ქალი, ოცნებაში შემოსახლებული მამაკაცის მიალერსებაზე ფიქრობდა, მაგრამ თავშეკავებას იჩენდა; ის ერჩივნა, ასე, მონატრებად ქცეული სიყვარულის სიმბოლურ ქვრივად ეგრძნო თავი… თან ისიც ართობდა, ასაკოვანი მეზობლები დიდედის ალი-კვალს, რომ ეძახდნენ. პლუხერია ხომ, გარდაცვლილი მეუღლის ხატებას მთელი ოცდაათი წლის მანძილზე, ისე ესიყვარულებოდა, გარშემომყოფთაგან ზოგი უნებლიეთ ეჭვობდა, ის კაცი, ისევ გადასახლებიდანაა გამოქცეული, იმალება და თავის ცოლს მალულად ხვდებაო…
თავის ბინაში საბედასთან ერთად განმარტოებულ ულუმბოს დიდედის სულთან შეხმიანების სურვილი მოეძალა… მერე ისევ კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა, სადაც სასაფლაოზე ”მონადირებულ” ფოტოაპარატ ”ქენონის” ჩიპიდან გადმოტვირთული სურათების კადრები იყო გამოსახული და ნანახისა და განცდილის გაანალიზების მოსურნემ მშვიდად წამოიწყო:
-საფლავის ქვებზე ასახული გარდაცვლილი გოგოების ფოტოები, საგამოფენო დარბაზში გამართული წვეულება, ცნობილი გვამის თამეხ დუჩმანელისა და მისი საყვარლის ”ველური მშვენიერების” ანუ გიჟუჟა ლიკას მონაწილეობით, ფოტოკორესპოდენტ გუას უცნაური კოლექცია და… მაგრამ ის ვიღაც სასაფლაოსა თუ საფლავების მეშვეობით თავისებურ პრეფერანსს მეთამაშება…-უცებ ნერვებმა უმტყუნეს და მრისხანედ წამოიყვირა,-ეს დამპალი, ესა, ყოველთვის შურდა ბებოს წყალობით მოხდენილად, რომ მეცვა…
-მერედა, ამისთვის შეიძლება, შენთვის უცნობი ადამიანები ასე გაიმეტო?!-საბედას ასე ეგონა, რომ საშინელებათა ფილმში დატრიალებული უბედურების მსხვერპლი გამხდარიყო.
-შეიძლება! ეგ ხომ ავადმყოფია, ნარკომანი, თანაც მარტო ეს არ იყო, თუ ვინმეს ან რაიმეს თავისად შეიგულებდა და არ დაუთმობდი, დანასისხლად მოგეკიდებოდა… მეათე კლასში, რომ ვიყავით, ჩვენთან რუსეთიდან გადმოსახლებული ავიაციის პოლკოვნიკის შვილი გადმოვიდა სასწავლებლად… მომხიბლავი და უცნაური ვინმე იყო, ფათერაკებგამოვლილ ზღაპრულ პრინცივით მოგვევლინა… მალე ბუნებრივად შევიგრძენით და ვიგუეთ ერთმანეთი, ოთხიოდე წლის მერე დავქორწინდით კიდეც. ჰოდა, ლიკა იმ ბიჭის წართმევას ცდილობდა, წამართმევდა კიდეც, მაგრა ნეტარი თავად ვერ ჰგუობდა მაგ კახპას… ქორწილის დღეს შემომითვალა არ შეგარჩენო, მერე სადღაც გადაიკარგა და ერთი პირობა მიმავიწყდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, საზღვარგარეთ საეჭვოდ გამდიდრებულ დუჩმანელის ამალაში ირთობდა თავს… დაბრუნებულს თან ჩამოყვა და ჩემზე შურისძიებაც გადაწყვიტა… ჰო, ეგ ამბავი საშინელებათა ფილმების სერიალს მოგაგონებს, მაგის მახინჯ ფანტაზიას ზუსტად ესადაგება… ძალზე ვწუხვარ, რომ შენისთანა ნათელი ადამიანი ამ შურისძიების უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა, ისიც მოსალოდნელია წინასწარ შეგიგულა, ვინაც, ეგ კაბა-კოსტიუმი მოგყიდა, მართლაც პამპულა უნდა იყოს, მაგრამ ამ ამბავთან რა კავშირი უნდა ჰქონდეს ჯერ ვერ მივმხვდარვარ… ვფიქრობ, ის გენეტიკური ლაბორატორია მართლაც არსებობს დუჩმანელის სახურავქვეშ, თითქმის ყველაფრის გაყიდვა და გაზიდვა მოახერხეს და ახლა, ეტყობა გენეტიკასაც მოუძებნეს სათანადო ბაზარი, ასე რომ ვფიქრობ შენი გარეგნობაც გათვალისწინებული იქნა… მალე, ალბათ ჩემი კლიენტებიც იყნოსავენ ყველაფერ ამას… ჩემს ატელიეში შეკერილ ტანსაცმელს ვიღა ჩაიცვამს…
-მართლაც ფანტასტიკაა, ნუთუ პოლიცია ვერაფერს ხვდება?!-საბედას უიმედობა დაუფლებოდა.
-დამიჯერე, ოფიციალურ განცხადებას ჯერ უნდა მოვერიდოთ, მეტი დამაჯერებელი ფაქტებია მოსაპოვებელი, დუჩმანელის დაბრუნებას ამ ქვეყნისპირველი პირები, ისე ზარზეიმით შეხვდნენ, არა მგონია პოლიციამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრას, ლიკა კი, აშკარაა ამ კაცის ხასაა და მისი შავბნელი საქმეების თანამონაწილე…-სტუმარს თავზე ხელი სათნოდ გადაუსვა … გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, საიმედო ხალხსაც დავიხმარ, მენდე შენს დასახიჩრებას არვის შევარჩენ…-ნათქვამის გამო თავად იგრძნო უხერხულობა,-გპირდები, სრულფასოვანი ქალის ფუნქციას აღიდგენ, გათხოვდები კიდეც და შვილიც გეყოლება…
-კარგი რა, ამოკვეთილს როგორ აღვიდგენ?!-სევდიანად ჩაილაპარაკა საბედამ, მაგრამ იგრძნო ბევრად უკეთ გრძნობდა თავს და გულმა თითქოს პლუხერიას საფლავისკენ გაუწია…
-ჰო, მიუხვდა იგი თუ ბებოს სულმა შეგიცნო, იმედს ნუ დაკარგავ, გპირდები, სრულფასოვან ქალად იგრძნობ თავს, ჩვენთვის შეუცნობია განგების საოცრებანი… ოღონდ, ეგ ამბავი, რომ გახმაურდეს, უამრავი ხალხი მიაწყდება მის საფლავს… მისი სული კი, როგორც სიზმარში მაცნობა მხოლოდ გარკვეული დროით შემორჩა იქაურობას, როგორც კი მისიას გაასრულებს, მეეცხრე ცისკენ გადაინაცვლებს… არ მინდა ხალხი გაწბილებული დარჩეს, შესაძლოა ეს დრო ყოველ წამს დადგეს…-და როცა თანამზრახველის სახზე კრთომა შენიშნა, დაამშვიდა,-არ მგონია შენ მიგატოვოს, არ მგონია, რადგან მიგანიშნა, რომ შენზე იზრუნებს… კვირაში ერთხელ გავიდეთ მის საფლავზე და ზოგ რამეს შენც თავად შეიგრძნობ. ისე კი, დარწმუნებული ვარ მისი თვალი და სმენა, ახლაც ჩვენსკენაა მოპყრობილი… ოჰ, ლიკუჩ, ლიკუჩ, თავბედს გაწყევლინებ…
-თუ დუჩმანელის ამალაშია, ჩვენ რას დავაკლებთ, ალბათ აქეთ ამოგვხოცავენ…-გამაფრთხილებლად შეახსენა საბედამ,-მაგ კაცს საცაა ძეგლს დაუდგამენ!
-სანამ განაჩენს გამოგვიტანდნენ, შიგ ფესვებში უნდა ჩავცხოთ!-ნაცადი სტრატეგივით შესძახა ულუმბომ, უცებ რაღაც გაახსენდა და ღიმილით გააგრძელა,-იქნებ, რაიმე გსმენია ალექსანდრე კადლერის მიერ გამოგონილი მობილების ანუ მოძრავი, მოდერნული ქანდაკებების შესასხებ?..
-კი, თითქოს გამიგია, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ…-საბედამ მონიტორს გახედა.
-მაშ კარგად მისმინე და თამაშში ამყევი…-ქალს დაეტყო, უნებლიე მიგნება სტრატეგიის ნაწილად სურდა ექცია,-ნამდვილი მობილები ათეულობით, სხვადასხვა, უცნაურად დაგრეხილი ან ისარივით სწორი, ერთმანეთთან მიმაგრებული, მოხდენილი მხარიხებია, სადაც სიმძიმის ცენტრის ფაქტორი სრულიად დარღვეულია. ზოგი მათგანის ერთი მხარი სანტიმეტრიც არ იქნება, მეორე კი მეტრნახევრამდეა, მოკლე მხარზე ათობით კილოგრამი წონის, შესაცბუნებლად მოულოდნელი ტვირთი კიდია. მას, გრძელ მხარზე გამობმული რამდენიმე გრამიანი პატარა ბურთულა ან უცნაური ფურცელი თუ აწონასწორებს და იმ დიდ ტვირთს შემთხვევით რომ შეეხო, მილიმეტრზე გადახარო, პატარა გამოსარჩევად ატოკდება და აცეკვდება, თავისებურად მნიშვნელოვან მოძრაობებს შეასრულებს. მთავარი ტვირთის მოძრაობა კი ფაქტიურად უხილავია… ჩვენც, იმ მთავარ ტვირთს უნდა ვატაკოთ თითი და მის გარშემო გუასნარი კაცების იმგვარი ბზრზიალი გაიმართება, რომ შესაძლოა ეს დაბრიყვებული ქვეყანაც კი შეფხიზლდეს და ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეებზე პრესამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მასიური იერიში მიიტანოს… ჩვენც სასურველი ფონი შეგვექმნება და…
-კი მაგრამ, ამასობაში ხომ ჩვენც ამოგვხოცავენ, ხმაური კი შესაძლოა ატყდეს, მაგრამ პრესამ და არასამთავროებმა, რომ დუჩმანელის ხალხის თავდასხმისგან დაგვიცას მეეჭვება…
-ჰოდა, ამ შეგონების აპრობირების დროც დადგა!-ულუმბომ კეთილად ჩაიცინა,-სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია…-და როცა საბედას დაბნეულ მზერას წააწყდა, მშვიდად განუმარტა,-დაცვას გიზი გაგვიკეთებს, ავანტიურების მოყვარული პროფესიონალი ნამდვილად არ დაგვზარდება…-მომარჯვებულ მობილურზე ნომერი აკრიფა, მერე ზარის გასვლას დაელოდა და მშვიდად წარმოთქვა:-ჯანმრთელობას გისურვებ გიზი, ჰო, გეტყვი, ხვალ თერთმეტზე კიას ბარში და მოგიყვები, ჰო, ჰო, შიძლება, ნეტართან დაკავშირებაც დამჭირდეს… კეთილი, შეხვედრამდე…-მასთან საუბარი დაასრულა და დაიქანდნა,- დიახაც, მძლავრად ვატაკებთ თითს,-ნიშნის მოგებით გაიღიმა,-გუა გროტი კი არა, უფრო მძიმე წონის მასტები აცეკვდებიან…
-გროტი… ეგ ფრაგია თუ…-დაინტერესდა მისი საუბრით გართული.
-ფრანგი არა, ჩვენებური ნაბიჭვარია, ხომ გითხარი კომუნისტების დროს იმ სარეკლამო სააგენტოსთან თანამშრობდა, სადც მე ვმუშაობდი, გვერდით გიზის საპროექტო იყო, იქ ლიკამ აიდგა ფეხი… გიზიმ სამკურნალო ფირმა გახსნა და ეგ… გუას ნამდვილი გვარი შაყულოვია, გროტი ფსევდონიმად გაიკეთა, უცხოელ მედიასთან დაიწყო თანამშრომლობა და თან ბიზნესში გაძვრა… რა ხანია არ შევხვედრივარ, თავს მარიდებდა… ვიცოდი ნასედკა იყო და ისეთ რაღაცეებს ვეხუმრებოდი, ვერ იტანდა… ეტყობა იმ კახპას შეეკრა… შაყულოვ! გროტი ფსევდონიმად, ალბათ მისმა ცოლმა შეურჩია. ზღვის ფლატოვან ნაპირზე მდებარე გამოქვაბულს გულისხმობდა თუ იალქნიანი გემის ანძას ამას ვეღარ გეტყვი… მაგრამ უცხოელებთან თანამშრომლობაში, გვარი გროტი მომხიბვლელობას შეგვძენსო, იმას კი ნამდვილად ფიქრობდა…-რაღაცის მიმანიშნებლად ჩაიცინა დასტუმარი თბილად მიიპატიჟა,-ახლა კი, დროა ვივახშმოთ, მერე კი ბუმბულა სახლების შესახებ კიდევ მომიყევი რაიმე…-ხელისგული ფრხილად შეახო ზურგთან, თითქოს სავარძლიდან წამოდგომაში შეეშველა.
საბედა უსიტყვოდ დაემორჩილა, აქ უსაფრთხოდ გრძნობდა თავს და მალულად ხარობდა ამ ძნელბედობის ჟამს ასეთი მომხიბლავი თანამოაზრე, რომ გამოუჩნდა.
****
****
****
****
****
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
****
****
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
/\
\/
\/
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
***
/\
========
0 коммент.:
Отправить комментарий